რა გავლენას იქონიებს ფასებზე ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა?

images (2)თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: – ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედება სამომხმარებლო ფასებზე ორი მიმართულებით მოახდენს ზეგავლენას: 1. კომპანიები, რომლებიც გადააიარაღებენ საწარმოს, მოექცევიან ახალი რეგულაციების ქვეშ, მათთვის წარმოების ხარჯები გაიზრდება, შესაბამისად, ეს აისახება პროდუქციის ფასზე. მაგრამ, იმავდროულად, პროდუქციის ხარისხიც გაიზრდება; 2. იმ კომპანიების შემთხვევაში, რომლებიც უკვე დღეს აწარმოებენ მაღალი სტანდარტების შესაბამის პროდუქტს, გაიზრდება მათ პროდუქციაზე მოთხოვნა ევროპის ბაზარზე. მოკლევადიან პერიოდში, მოთხოვნის ზრდა ფასებზე აისახება, თუმცა, ეს მყისიერად არ მოხდება.

ფასების ზრდა დამოკიდებულია მოთხოვნის მაჩვენებელზე. პირველ ეტაპზე ფასების ზრდა შესაძლოა უფრო საგრძნობი იყოს, შემდეგ ეტაპზე კი ფასები აუცილებლად დაბალანსდება. მხოლოდ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პირობების გავლენით, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში, ფასები შესაძლოა 3-5%-ით გაიზარდოს. მიმაჩნია, რომ მყისიერი ეფექტი ამას არ ექნება და თუ მაინც ექნა, ამის მიზეზი შეიძლება იყოს სპეკულაცია ან სხვა ფაქტორების გავლენა. თუმცა, იმავდროულად, მოსალოდნელია ქვეყანაში ინვესტიციებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაც, რაც მოსახლეობის შემოსავლების მატებაზეც აისახება. ოღონდ მოვლენების განვითარების კონკრეტულად ასეთ სურათს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, თუ ქვეყნის ეკონომიკაზე სხვა დადებითი ან უარყოფითი ფაქტორების გავლენას გამოვრიცხავთ.

რუსეთის ბაზრის გახსნამ გაზარდა მოთხოვნა და ფასები ქართულ ხილსა და ბოსტნეულზე, მაგრამ ეს პროდუქტები ევროკავშირში ასე სწრაფად ვერ შევა. ამას სტანდარტების ათვისება და ტექნოლოგიების დახვეწა სჭირდება. შესაბამისად, იმის მსგავსი ეფექტი, როგორიც რუსული ბაზრის გახსნის შედეგად მივიღეთ, ევროპული ბაზრის გახსნის შემდეგ მოკლე პერიოდში არ განმეორდება.

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის არის განკუთვნილი, მნიშვნელოვანი პრობლემა არ შეექმნება – თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედება ამ პროდუქციის მიმოქცევის რეჟიმს საგრძნობლად არ შეცვლის. მაგრამ ცვლილებებია მოსალოდნელი იმ იმპორტირებული ნედლეულისთვის, რომელიც საქართველოში ადგილობრივი პროდუქციის წარმოებისთვის შემოდის. არის ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, და ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის სახელმწიფოების სახით დაემატება ამ ნუსხას. გამარტივებული დაბეგვრის რეჟიმი გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ნედლეულის იმპორტის პროცედურები არც გართულდება და არც გაძვირდება, შესაბამისად, ქართულ პროდუქციას ამ თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნება. თუმცა, არის ქვეყნები, რომლებიც აპირებენ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეცვლას. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, პრობლემები შეიქმნება, რადგან, მაგალითად, რუსეთიდან შემომავალი ნედლეული ან პროდუქცია, დაბეგვრის რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში, დაახლოებით 15-18%-ით გაძვირდება. ცხადია, ეს აისახება საქართველოში რუსეთიდან შემოტანილი ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ფასზეც.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედება საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის ორ მოცემულობას ქმნის: პირველი მოკლევადიანია – ეს გახლავთ ტრანსფორმაციის, ანუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პერიოდი, როცა დაინერგება ევროპული სტანდარტები და ადგილობრივი პროდუქცია ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი არის მოლოდინი, რომ ქართული წარმოება მთლიანად გადაერთვება ევროპული წარმოების რეჟიმზე, რაც დამატებით კაპიტალდაბანდებას, ინვესტირებას საჭიროებს მაღალ ტექნოლოგიებში და მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე ფასთა ცვლილება მოხდეს. თუმცა, თუ საქართველოში მომავალში მოხერხდება წარმოებული პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და მისი ევროპულ ბაზარზე შეღწევა, ეს წარმოების მოცულობასაც გაზრდის. წარმოების ზრდა კი შესაძლებლობას იძლევა, რომ ფასი, პირიქით, შემცირდეს – ანუ პროდუქციის რაოდენობის ზრდის ხარჯზე უკეთეს შემთხვევაში ფასი შესაძლოა შემცირდეს, უარეს შემთხვევაში კი არ გაიზარდოს.

საქართველოში, ფაქტობრივად, ორი სტანდარტის პროდუქცია გვექნება – ადგილობრივ ბაზარსა და მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქცია და ევროპულ ბაზარზე გასატანი. თუმცა, “საფასო შოკები” არ გველოდება. ისიც უნდა ითქვას, რომ ფასების ზრდას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები კი არ უწყობს ხელს, არამედ ქვეყანაში წარმართული ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს.