მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებები › პირგასამტეხლოს ოდენობა
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა
პირგასამტეხლოზე შეთანხმებისას, მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე. ანუ მხარეები თანხმდებიან იმ მინიმალური ზიანის ოდენობაზე, რომელიც შეიძლება დადგეს ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით. პირგასამტეხლოს არსებობა ათავისუფლებს კრედიტორს დამდგარი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთისგან, როდესაც ზიანი დამდგარია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით.
ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. იმ შემთხვევაში თუ პირგასამტეხლოს ოდენობა, სამართლიანობის სტანდარტს სცილდება, სასამართლო უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ამის შესაძლებლობას იძლევა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით 403-ე მუხლში განსაზღვრული პროცენტის ოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ თუ შეუსაბამოდ მაღალია პროცენტის ოდენობა, სამოქალაქო კოდექსის 325-ე და 54-ე მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს სკ-ის 403-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული პროცენტის ოდენობა.
ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა:
„სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. (სუსგ Nას-1560-1463-2012)
ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი“ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. (№ას-501-477-2013)
