მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საოჯახო სამართალი › Reply To: საოჯახო სამართალი
არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
(სუსგ. N-ას-1062-996-2012 )
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შემოსული სააპელაციო საჩივრის განხილვისას, ძირითადი ყურადღება იყო გადატანილი მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებულ შედეგებზე, რასაც სადავო ურთიერთობის გადაწყვეტისათვის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, გაეროს „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას არ გაამახვილა ყურადღება საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც აუცილებელია სამართლებრივი დასკვნებისათვის.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: გაეროს „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ დაშორება აუცილებელია და ბავშვის ინტერესებისთვის უკეთესია. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას რომელიმე მშობელთან, რაც სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქოპედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ის რისკები, რომლებიც ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მიღებულ სტრესს, დედასთან დაშორებით გამოწვეულ უარყოფით განცდას და შესაბამისი სპეციალისტების მეშვეობით გამოიკვლიოს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე რომელი რისკის აცილება უფრო მნიშვნელოვანია ასაკის გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ უნდა გაამახვილოს ყურადღება ისეთ აუცილებელ კრიტერიუმებზე, როგორიცაა ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა, განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა, დედის მიერ ბავშვის მიტოვების მიზეზი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვისა და დედის გაერთიანება, დედას უნდა ჰქონდეს მშობლის უფლებებისა და ვალდებულებების რეალიზაციის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, დედას უფლება აქვს, მოითხოვოს ბავშვის დაბრუნება. ზემოაღნიშნული საფუძვლით საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
