მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციული სამართალდარღვევები › Reply To: ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით
საქმე № ბს-1635-1589(კ-08)
ფაქტობრივი გარემოებები: სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში, საპატრულო პოლიციის ინსპექტორსა და მძღოლს – ნ. პ-შვილს შორის.
2007 წლის 18 მარტს 11.20 საათზე თბილისი-ბაკურციხე‑ლაგოდეხის გზის მე‑7 კ.მ‑ზე მოსარჩელის მიერ ავტომანქანით მოძრაობისას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს პატრულ‑ინსპექტორ – ვ. გ-ძის მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი- ღვედის გამოუყენლობის გამო და საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, ადმინისტრაციული სახდელის სახით ნ. პ-შვილს განესაზღვრა ჯარიმა 20 ლარის ოდენობით. ოქმის მიხედვით ნ. პ-შვილმა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე.
ნ. პ-შვილმა სადავოდ გახადა სამართალდარღვევის საერთოდ ჩადენის ფაქტი, მიიჩნია რა, რომ სამართალდარღვევის არსებობის პირობებშიც იმ მანძილიდან, სადაც იმყოფებოდა პატრულ‑ინსპექტორი ვერ შეამჩნევდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ანუ სახეზე იყო შეცდომა. ამასთან, პატრულ‑ინსპექტორის შემთხვევის ადგილზე არ მომხდარა საქმის გარემოებების გამოკვლევა. ასევე, სადავო გახადა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების მართებულობა და მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის გამოყენება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
ადმინისტრაციული სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპი – ოფიციალობის პრინციპი განსაზღვრავს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების როლს. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან სასამართლო პროცესუალური აქტივობის ცენტრში იმყოფება, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში სასამართლოს აკისრებს საპროცესო სამართალურთიერთობაში მხარეთა საპროცესო უფლებებში ბალანსის მიღწევისთვის აუცილებელ საპროცესო მოქმედებების შესრულებას.
ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103‑ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სავსებით უგულებელყო ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი, საჯარო ინტერესის უზრუნველმყოფი უფლებამოსილება (მით უფრო იმ ვითარებაში, როცა პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა გადაწყვიტა მოსარჩელის სასარგებლოდ). კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია ზომები, დამატებითი მტკიცებულებების, ინფორმაციის მოსაპოვებლად, მაშინ, როცა ისედაც მოცემული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა წრე უკიდურესად შეზღუდულია.
საკასაციო სასამართლომ გაიზიარა ზემო პოსტში მითითებული მსჯელობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლთან დაკავშირებით – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების დროს მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე‑17 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ სასამართლო აღარ იკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს საკუთარი ინიციატივით. სადავო ფაქტთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის პროპორციული გადანაწილების ფორმულა სრულებით არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას. პირიქით, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლომ ყველა შესაძლებელი ფაქტობრივი გარემოება უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ ერთი წერილობითი ხასიათის მტკიცებულება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება, მტკიცებულება იმდენად, რამდენადაც მასშია აღწერილი გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტი, პირობები, დამრღვევი სუბიექტი. ამავდროულად, აღნიშნული დადგენილება წარმოადგენს დავის საგანს, რამდენადაც მოსარჩელე სადავოდ ხდის მის კანონიერებას, აქტში აღწერილი იურიდიული ფაქტის ნამდვილობის კონტექსტით ანუ სწორედ ერთერთ წერილობით მტკიცებულებაში აღწერილი, გადმოცემული ფაქტი წარმოადგენს სადავოს და მტკიცების საგანს.
მტკიცებულებათა ამგვარი სიმწირის პირობებში სასამართლო ვალდებულია თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს არსებობს თუ არა სადავოდ გამხდარი გარემოების სხვა უშუალო მტკიცებულებები, მაშინ, როცა სასამართლომ არ შეაფასა თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტება, არ დაკითხა მოწმეებად თავად პატრულ‑ინსპექტორი, მოსარჩელის ავტომანქანაში მყოფი თანამგზავრი, არ გამოიკვლია პატრულ‑ინსპექტორის მიუკერძოებლობის, ობიექტურობის, სათანადო უნარ-ჩვევების დამამტკიცებელი გარემოება /პოლიციის მოხელის პირადი საქმე/, არ მოუწვევია სპეციალისტი, რათა გაერკვია, რამდენად შესაძლებელი იყო პოლიციელს მაქსიმალურად ზუსტად აღექვა სამართალდარღვევის ფაქტი, იმ მანძილიდან, მიმართულებიდან, როგორც ეს აღწერა /რასაც სადავოდ ხდის მოსარჩელე/.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ წერილობითი სახის მტკიცებულებათა პრაქტიკულად არარსებობის პირობებში უნდა მოიპოვოს ზეპირი სახის მტკიცებულებები და სსსკ‑ის 105‑ე მუხლის დანაწესის მიხედვით ობიექტური შეფასება უნდა მისცეს მათ.
