#29365
BLH
Keymaster

ინდ. აქტის მატერიალური კანონიერება

ინდ. აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია მის შინაარსთან, რამდენად შეესაბამება ინდ. აქტი მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ა) კანონიერების პრინციპი– უმნიშვნელოვანესი ელემენტია ინდ. აქტის მატერიალური კანონიერებისა, იგი შედგება ორი ელემენტისგან კანონიერი დათქმის პრინციპისა და კანონის უზენაესობის პრინციპისაგან, რომელთა მიხედვით ინდ. აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას.

ბ) უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძველი– აუცილებელია დადგინდეს ინდ. აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ნორმატიულ აქტში არის მოცემული. ინდ. აქტის ფუნქციაა მოახდინოს ნორმატიულ აქტებში განსაზღვრული უფლების კონკრეტული შემთხვევებისათვის რეალიზაცია.

გ) დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერება:

დისკრეციული უფლებამოსილება ანიჭებს პოლიციელს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შეცდომასთან გვაქვს საქმე :

1.როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო;

2.როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სცილდება მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს (მაგ.; ის კონკრეტული ადმინისტრაციული გადაცდომისათვის ადგენს ჯარიმას 60 ლარის ოდენობით, როდესაც კანონი ამ კონკრეტული სამართალდარღვევისათვის ითვალისწინებს დაჯარიმებას 10-დან 50 ლარამდე) და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.

3.როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო, ასეთ შემთხვევაში ასევე სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.

დ) თანაზომიერების პრინციპი

თანაზომიერების პრინციპის შემოწმებისას მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებისა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება. საშუალებასა და მიზანს შორის თანაზომიერების შემოწმება ხდება შემდეგი ნაბიჯების გავლით :

პირველი ნაბიჯი: მიზნის დადგენა- უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისაღწევი მიზანი. რამდენადაც მმართველობა გულისხმობს კანონის აღსრულებას, ის კანონი, რომლის აღსრულებასაც ემსახურება  ღონისძიება, გვაძლევს ინფორმაციას მისაღწევ მიზანზე.

მეორე ნაბიჯი: შესაფერისობის დადგენა- უნდა შემოწმდეს მიზნისა და საშუალების შესაფერისობა. შერჩეული საშუალება არის შესაფერისი, როდესაც ის, ზოგადად, მისაღწევ მიზანს ემსახურება, ე.ი., როდესაც ის შესაძლებელს ხდის მიზნის მიღწევას.

მესამე ნაბიჯი: აუცილებლობის დადგენა– უნდა შემოწმდეს შესაფერისი ღონისძიების აუცილებლობა. ღონისძიება არის აუცილებელი, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს სხვა საშუალება, რომელიც მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც საზოგადოებას, ისე – ღონისძიების ადრესატს.

ე) კონკრეტულობის პრინციპი– ინდ. აქტის შინაარსი უნდა იგოს ნათელი და გასაგები, რათა ინდ. აქტის ადრესატს ჰქონდეს საშუალება ნათლად გაიგოს ადმინისტრაციული ორგანოს ნება.