#28759
Crassus
Participant

უძრავი ნივთის შემძენის არაკეთილსინდისიერების საფუძვლები

 

(სუსგ ას15971500-2012 )                      

 

“შემძენის  არაკეთილსინდისიერების დასადასტურებლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მან ნასყიდობის საგანი შეიძინა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.”

 

(სუსგ №ას-567-535-2012)

 

“სააპელაციო პალატის განმარტება: შემძენის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევისას მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები: სადავო ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე შემძენს ბინა ვიზუალურად არ დაუთვალიერებია; შ.გ-მა ვერ დაადასტურა გამყიდველ მ. რ-თან მდგმურების ბინაში დარჩენისა და ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების ან მათ მიერ ბინის გათავისუფლების შესახებ, ასევე ქირავნობის თანხის ოდენობის და მისი გადახდის წესის შესახებ შეთანხმება; უძრავი ქონების შეძენა თუ წარმოადგენდა მხარისათვის ხელსაყრელ გარიგებას ფასის შეუსაბამობის გამო და იგი ემსახურებოდა არა ბინით სარგებლობის, არამედ, დამატებითი შემოსავლის გაჩენის სურვილს, მის ინტერესში უნდა ყოფილიყო დამქირავებელთან ქირავნობის ურთიერთობის გაგრძელება და ამ სახითაც დამატებითი შემოსავლის მიღება, ან მყიდველისგან იმის გაგება მაინც, თუ როდის შეძლებდა  ნივთით საკუთარი შეხედულებისამებრ სარგებლობას, ან განკარგვას.

 …..

საკასაციო პალატის განმარტება: განსახილველ შემთხვევაში, შ.გ-ის მიერ სადავო ნივთის ვიზუალური დათვალიერება სწორედაც რომ ჯდება შემძენის ობიექტურ შესაძლებლობებსა და წინდახედულობის ფარგლებში, ამასთან, მართალია კანონმდებელი ნორმატიული აქტით არ ავლდებულებს უძრავი ნივთის შემძენს ასეთი მოქმედებების განხორციელებას,  თუმცა, შემძენის ინტერესებშია უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის შეძენა, შესაბამისად ამ ინტერესების დაკმაყოფილებისათვის შემძენს მართებს იმ მინიმალური წინდახედულობის გამოჩენა, რაც თუნდაც ნივთის ვიზუალურ დათვალიერებაში შეიძლება გამოიხატოს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის შეფასების საგნად იქცა სხვა ცხოვრებისეული (ქირავნობის ურთიერთობა) ფაქტორებიც, რამაც ერთობლიობაში სწორი დასკვნების ჩამოყალიბება განაპირობა.”

 

(სუსგ #ას-524-869-07)

 

“უძრავი ნივთის ფლობა არ განაპირობებს მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას, მაგრამ უძრავი ნივთის შეძენის კეთილსინდისიერების გამორკვევისას აღნიშნულ ფაქტს შეიძლება გარკვეული მნიშვნელობა მიენიჭოს, ვინაიდან დამკვიდრებული წესის თანახმად, უძრავი ნივთის შემძენი შეძენამდე ინტერესდება ნივთის მდგომარეობით.”