#28758
BLH
Keymaster

განსხვავება უძრავ და მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის შესახებ

 

(უზენაესი სასამართლოს განმარტება სუსგ N-ას-764-718-2012)

 

სანივთო სამართალი განსხვავებულად აწესრიგებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე, როგორც საკუთრების ვარაუდს, ასევე საკუთრების გადასვლის წესს. კერძოდ, მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით საკუთრების პრეზუმფცია ვლინდება მფლობელობიდან, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებით – საჯარო რეესტრიდან. მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადასვლა უფრო გამარტივებულია, იგულისხმება გარიგების ფორმის თავისუფლება და ნივთზე მფლობელობის გადაცემა შემძენისათვის, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებით საკუთრების გადასვლისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოძრავი ნივთების სამოქალაქო ბრუნვა უფრო გაიოლებულია და დაკავშირებულია მეტ რისკთან, ვიდრე ეს უძრავი ნივთებთან მიმართებაში ხდება. მფლობელობა უფრო ნაკლებად იცავს კეთილსინდისიერ შემძენს, ვიდრე საჯარო რეესტრის რეგისტრაცია.

 

შემძენის კეთილსინდისიერება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს და არა ობიექტურს. ამასთან, კეთილსინდისიერება არსებობს უფლების წარმოშობამდე. ამ თვალსაზრისით თუ შევადარებთ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 187-ე მუხლებს, აშკარად დავინახავთ განსხვავებას. კერძოდ, კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ხოლო 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამდენად, მოძრავი ნივთების შემთხვევაში, შემძენის კეთილსინდისირების შემოწმების არეალი უფრო ფართოა ვიდრე უძრავი ნივთების შემთხვევაში. მოყვანილი მსჯელობიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ საქმე არ გვაქვს კანონის ხარვეზთან, ასევე სახეზე არ არის არსობრივად ერთნაირის მიმართ არათანაბარი მოპყრობა.