მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულება › Reply To: მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულება
სამუშაოს გადაცემა და მენარდის პასუხისმგებლობა
თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო.
მაგ: მენარდეს უნდა დაემზადებინა ავეჯი, ხოლო შემკვეთს უნდა წაეღო აღნიშნული ავეჯი მენარდის საწარმოდან 2014 წლის 10 მაისს. თუ შემკვეთი არ წაიღებს შესრულებულ სამუშაოს დადგენილ ვადაში, მაშინ ჩაითვლება, რომ შემკვეთმა მიიღო სამუშაო.
თუ სამუშაოს მიღების ვადა ხელშეკრულებით ზუსტად არ არის განსაზღვრული,სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს ხელშეკრულების მიერ დადგენილ ვადაში.
მენარდის პასუხისმგებლობა შემკვეთის ქონების დაღუპვისას
ზოგადი წესის მიხედვით, მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის ქონების დაღუპვის ან დაზიანებისათვის გაუფრთხილებლობის დროსაც.
მაგ: თუ მენარდემ იკისრა ვალდებულება, რომ შეაკეთოს მანქანა და იგი დააზიანებს მანქანის ძრავს. ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, განზრახ მოხდა თუ გაუფთხილებლობით დაზიანება, მენარდე მაინც პასუხისმგებელი იქნება დამდგარი ზიანისათვის.
მენარდის პასუხისმგებლობა შესრულებული სამუშაოს დაღუპვისა/დაზიანებისათვის
მენარდეს ეკისრება შესრულებული სამუშაოს შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი შემკვეთისათვის შესრულების გადაცემამდე. გადაცემასთან ერთად შემკვეთზე გადადის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი. გადაცემას უთანაბრდება ისიც, როცა შემკვეთი აყოვნებს მიღებას.
მაგ: მენარდემ დაამზადა შეკვეთილი ავეჯი, თუმცა შემკვეთმა იგი არ წაიღო დადგენილ ვადაში, ამის შემდეგ მეხი დაეცა მენარდის საწარმოს და ავეჯი განადგურდა. ამ შემთხვევაში შემკვეთი ვერ მოითხოვს ახალი ავეჯის დამზადებას, ხოლო მენარდე უფლებამოსილია მიიღოს საზღაური მის მიერ დამზადებული ავეჯისთვის.
მასალის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მასალის მიმცემ მხარეს.
მაგ: თუ შემკვეთის მასალით ხდება ავეჯის დამზადება, რომელიც მეხის დაცემის შედეგად განადგურდება, აღნიშნული რისკი მის კისერზე იქნება და იგი ვერ მოითხოვოს მენარდისგან შესრულებას მასალის განახლების გარეშე.
