მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საოჯახო სამართალი › Reply To: საოჯახო სამართალი
ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია
განქორწინებისას ძალიან ხშირია ე.წ. საალიმენტო დავები. აღსანიშნავია, რომ ხშირად ალიმენტის გადახდის ვალდებულება მხოლოდ მშობლების ვალდებულებად აღიქმევა, რაც არასწორი შეხედულებაა, რადგან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ალიმენტის გადახდის ვალდებულება შეიძლება გააჩნდეს, როგორც მშობელს შვილის მიმართ, ისე მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ, და-ძმას, ბებია-პაპას, გერს, დედინაცვალ-მამინაცვალს და ასევე ფაქტობრივ აღმზრდელსა და აღსაზრდელს.
ალიმენტის გადახდის ვალდებულება თავისი ბუნებით წარმოადგენს პირად ქონებრივ უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირს, ხოლო ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის გარდაცვალებისას, ეს უფლება არ გადადის მემკვიდრეობით.
ალიმენტის გადახდის ვალდებულება ოჯახის, როგორც სოციალური მოვლენიდან გამომდინარე ვალდებულებაა..იგი ეყდნობა პრინციპს, რომლის მიხედვითაც ოჯახის წევრებმა ერთმანეთი უნდა არჩინონ და მხარში ამოუდგნენ. თუ ისინი არ ასრულებენ აღნიშნულ მორალურ ვალდებულებას, მაშინ სახელმწიფო ერევა ამ ურთიერთობაში და კანონმდებლობით აძლევს საშუალებას გასაჭირში მყოფ ოჯახის წევრს, რათა მან სასამართლოს მეშვეობით მიიღოს დახმარება სხვა ოჯახის წევრისგან, რომელსაც გააჩნია საალიმენტო ვალდებულება მის მიმართ.
ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, როგორც ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მატერიალური მდგომარეობა, ისე იმ პირის მატერიალური მდგომაროება, ვისაც გააჩნია ალიმენტის გადახდის ვალდებულება და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრებისა და მისი ოდენობის შესახებ.
