თბილისში რეცეპტების შავი ბაზარი ჩამოყალიბებას იწყებს

2715bfcdc16cff42bcda325f5d5d94ef

რეგულაციები მედიკამენტებზე

მედიკამენტებზე ახალი სარეცეპტო რეგულაციებიდან 1 კვირის თავზე რეცეპტის შავი ბაზარი გაჩნდა, – იუწყება “ბიზნესკურიერი”.

მათი ინფორმაციით, შავ ბაზარს თავად სააფთიაქო კომპანიები ამუშავებენ. გაყიდვები რომ არ შემცირდეს, მომხმარებელს ნებისმიერ რეცეპტს აძლევენ, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ აფთიაქში მოქმედებს. “ბიზნესკურიერი” ამ პრაქტიკის დამადასტურებლად ფარულ კადრებსაც ავრცელებს, რომელიც ერთ-ერთ კონკრეტულ აფთიაქშია გადაღებული, თუმცა დასძენს, რომ არ არის გამორიცხული, რომ იგივე სქემა სხვა აფთიაქებშიც იყოს, ან მას ახლა ნერგავდნენ. აფთიაქის შესასვლელთან მომხმარებელს ხვდება წარწერა “ექიმი”, რომელიც მომხმარებლის კარნახით ნებისმიერ რეცეპტს გამოწერს.

ფარულ ჩანაწერში ჟურნალისტი ექიმის კაბინეტს ეწვია. კითხვაზე, შეუძლია თუ არა ექიმს მისთვის რეცეპტის გამოწერა, ექიმი პასუხობს, რომ შეუძლია, მაგრამ მხოლოდ “ავერსის” მომხმარებლისთვის. ჟურნალისტის რეპლიკაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მისთვის (ექიმისთვის), თუ რომელ აფთიაქში იყიდის გაცემულ რეცეპტზე მითითებულ წამლებს, ექიმი პასუხობს – “თქვენთვის არა, მაგრამ სამაგიეროდ, ამას ჩემთვის აქვს მნიშვნელობა”…

“ჩვენ ვართ “ავერსის” თანამშრომლები და ვინც შეიძენს მედიკამენტს “ავერსში”, იმას გამოვუწერთ რეცეპტს, თუ არადა სხვა არ ვემსახურებით”, – ამბობს ექიმი “ბიზნესკურიერის” ფარულ ჩანაწერში.

ამავე ფარულ ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ექიმი არათუ გამოკვლევის ჩაუტარებლად (რაც ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ცალსახად კანონდარღვევაა), არამედ პაციენტის იქ არყოფნის მიუხედავადაც კი წერს რეცეპტს. მას შემდეგ, როდესაც ჟურნალისტი მას სთხოვს, გამოუწეროს წამალი დედისთვის, ექიმი ამას მარტივად, კანონის გვერდის ავლით, მომხმარებლის კარნახით აკეთებს, რაც სრულიად არამართებულია არა მხოლოდ ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ, არამედ ზოგადად, სამედიცინო საქმიანობაში.

“ბიზნესკურიერი” მაყურებელს ავერსის მენეჯმენტის პოზიციასაც აცნობს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ეს ექიმები სხედან აფთიაქისგან გამიჯნულ ადგილას და მათ არ აქვთ კავშირი აფთიაქთან, თუმცა ექიმის ნათქვამი, რომ მხოლოდ “ავერსის” მომხმარებელს გამოუწერს რეცეპტს, მენეჯმენტის განცხადებას ეწინააღმდეგება.

“აფთიაქი აფთიაქია და სამედიცინო დაწესებულება სხვაა. ანუ, მათ უნდა გააკეთონ ინსტალაცია ოჯახის ექიმის კაბინეტის. თუ ისინი დააკმაყოფილებენ სრულ მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევაში შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ სადმე კუთხეში რომ მიუჩინონ მაგიდა და კალამი, ასე – ვერა”, – ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო “ბიზნესკურიერთან” თემის კომენტირებისას.

ექიმებსა და სააფთიაქო ქსელებს შორის ამგვარ თანამშრომლობას სახიფათოდ მიიჩნევენ ექსპერტებიც. წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ ექიმი იქნება ფარმაცევტული კომპანიის მიერ მართული, ის აუცილებლად დანიშნავს იმ წამალს, რომლის გაყიდვაც კონკრეტულ სააფთიაქო ქსელს აწყობს.

“როგორ შეიძლება ჩვენ ეს ექიმები ვმართოთ ახალი რეგულაციებით, თუ ისინი იქნებიან აფთიაქების მიერ დანიშნულნი. ისინი მომხმარებელზე გასცემენ სწორედ იმ წამალს, რაც უნდა დაინიშნოს მათი პარტნიორი სააფთიაქო კომპანიის დირექტივით”, – ამბობს თემის კომენტირებისას ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციები, რომელიც რიგ წამლებზე რეცეპტის გარეშე გაყიდვის აკრძალვას გულისხმობს, მოსახლეობაში თვითმკურნალობის აღკვეთის მიზნით იქნა შემოღებული, თუმცა სურათი, რომელიც რეგულაციების შემდეგ რეცეპტის შავი ბაზრის სახით მიიღო მოსახლეობამ, ცხადყოფს, რომ არსებითად არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ამიერიდან მომხმარებელი დაინტერესებული პრეპარატებით თვითმკურნალობას უკვე აფთიაქების კუთვნილი ექიმების საშუალებით მიიღებს.