გიორგი ქადაგიძე ბანკებს ერთ კვირიან ვადას აძლევს

erovnuli-bankis-monetaruli-politikis-strategias-konferentsia-miedzghvna-6709-300x200

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბანკებს ერთ კვირას აძლევს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომერციულ ბანკებს ერთ კვირას აძლევს იმისთვის, რომ დოლარში სესხის მქონე კლიენტებისთვის პირობების შესამსუბუქებლად გეგმები შეიმუშაონ.

გიორგი ქადაგიძის დავალება ეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს. კერძოდ, მათ ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, ხოლო სესხი დოლარში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა და ბანკების საქმიანობაში ჩარევას ადგილი არა აქვს.

გიორგი ქადაგიძე დღეს კომერციული ბანკების პირველ პირებს შეხვდა, ხოლო საუბრის ძირითადი თემა სწორედ ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული ვითარება იყო. ლარის ოფიციალური კურსი დოლართან დღეს 2,26–ია.

ოფიციალურ კურსზე გაცილებით მეტად არის ლარი გაუფასურებული ბანკებში და სავალუტო ჯიხურებში. დოლართან ლარის კურსი 2,26 თეთრი 1999 წლის შემდეგ ლარის გაუფასურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

“ამ მიმართულებით ყველა ბანკი ძალიან მოქნილი იქნება. ერთკვირიანი სამუშაო ვადა მივეცით და ზუსტად ერთ კვირაში ჩვენ გვექნება გეგმები სათითაოდ ყველა ბანკის მიხედვით”, – განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მიდგომები იქნება ინდივიდუალური, რადგან შეუძლებელია ამის სტანდარტიზაცია გაკეთდეს. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის კომპეტენცია ვრცელდება კომერციულ ბანკებზე. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ისინი არ რეგულირდებიან.

“ქართული კანონმდებლობის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უბრალოდ ექვემდებარებიან რეგისტრაციას, ამიტომ ჩვენ არანაირი გავლენა არ გვაქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე”, – აღნიშნა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ყველა კორპორაციულ ბიზნესს, მათ შორის კომერციულ საბანკო სექტორს ევალება, იყოს სოციალურად პასუხისმგებლიანი.

“ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილი და, რა თქმა უნდა, არც ერთ ბანკს ამასთან დაკავშირებით არანაირი განსაკუთრებული პრეტენზია არ გამოუთქვამს. უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანს მანამდეც ჰქონდა დაგეგმილი, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად მოქნილები იყვნენ”, – აღნიშნა ქადაგიძემ.

წყარო: კომერსანტი