ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება

Moneyადვოკატის ხარჯების ანაზღაურება

სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე, თუ დავის ერთ-ერთ  მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია.

ასეთ შემთხვევაში ადვოკატი სახელმწიფო სალაროდან მიიღებს ანაზღაურებას, არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით. ეს წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს სახელმწიფო ხარჯზე მომსახურებას, ისიც მაშინ, თუ განსახილველი საქმე რთული და მნიშვნელოვანია.

სხვა შემთხვევაში მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ხდება საქმის სირთულესთან გონივრულ შესაბამისობაში და მომსახურების ღირებულების განსაზღვრისათვის მნიშვნელობა არა აქვს მხარესა და იურიდიული დახმარების გამწევს შორის დადებულ ხელშეკრულებას. ამ საკითხის გადაწყვეტისათვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რა თანხა გადაუხადა მხარემ ადვოკატს, ვინაიდან მითითებული გარიგება არ შეიძლება სავალდებულოდ იქცეს წაგებული მხარისათვის, რადგან იგი არ მონაწილეობდა ამ გარიგების დადებაში.

იმ მხარის წარმომადგენლის დახმრებისათვის გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობისა.

მაგ: მოსარჩელე „ა“-მ შეიტანა სარჩელი „ბ“-ს მიმართ, მის მიერ აღებული სესხის – 10.000 ლარის დაბრუნების მოთხოვნით. სასამართლომ დააკმაყოფილა „ა“-ს მოთხოვნა „ბ“-ს მიმართ.

სასამართლო დავაში წარმომადგენლობისთვის „ა“-მ გადაუხადა მის ადვოკატ „გ“-ს 3.000 ლარი. მანვე მოითხოვა აღნიშნული თანხის დაკისრება მოპასუხისთვის, როგორც სასამართლოში წარმომადგენელზე დახარჯული ხარჯისა.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დააკისროს მოპასუხეს, მოსარჩელეს მიერ ადვოკატისთვის გადახდილი თანხის სახით მხოლოდ 10.000 ლარის 4% -ის ოდენობით, ანუ 400 ლარი.

სხვა სამოქალაქო საპროცესო-სამართლებრივი საკითხები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე.