ქართულ ბაზარზე მოქმედ ნავთობკომპანიებს კარტელური გარიგებების გამო მრავალმილიონიანი ჯარიმები დაეკისრათ

france-fuel_2298290bნავთობკომპანიები დაჯარიმდნენ

“კომერსანტის” მიერ ორი დღის წინ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა – ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიას კონკურენციის შესახებ კაანონის დარღვევის გამო სანქციები დაეკისრებათ.

ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საუბარია კომპანიებზე – ვისოლი (10,426 393 ლარის ჯარიმა), ლუკოილი (4, 740 260), სოკარი (14 381 385), რომპეტროლი (10 885 806) და გალფი (11 267 384) და სამ ეკონომიკურ აგენტზე, რომელთაც მჭიდრო ურთიერთობები გააჩნდათ აღნიშნულ ხუთეულთან.

მთლიანობაში ჯარიმის მოცულობა 55 მილიონ ლარს აღწევს.

მისი თქმით, დასკვნა მოცულობითია და მოიცავს 1100 გვერდს, რომელიც 50 ტომიან მასალებს ეფუძნება.

ბარაბაძის თქმით, კვლევის დასასრულებლად სააგენტოს 10 თვიანი ვადა მიეცა, თუმცა მან მუშაობა ვადაზე ადრე, 8 თვეში დაასრულა.

შედეგებიდან გამომდინარე, როგორც ბარაბაძემ განაცხადა, მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2008–2014 წლებში ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი.

კონკურენციის სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტი, რაზეც შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს, ხსენებული კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, დაეკისრათ ჯარიმა – ჯამში 55 მილიონამდე ლარის ოდენობით.

ამასთან, მოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში – ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვით, ანოტაციის სახით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (10 დღე) გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

წყარო: კომერსანტი