ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტი
ხანდაზმულობის ვადის გასვლის შედეგად, მოვალე უფლებამოსილია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ვადის გასვლის დადგენისთვის აუცილებელია უპირველესყოვლისა ხანდაზმულობის დაწყების მომენტის დადგენა.
ამ სტატიაში სწორედ ხანდაზმულობის დაწყების მომენტზე ვისაუბრებთ, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება, იმ დღიდან, როცა წარმოიშვა მოთხოვნის უფლება.
თუ კანონით ან ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტი დაფიქსირებული, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მაგ: როდესაც სესხის ხელშეკრულების მიხედვით „ა“ ვალდებულია დაუბრუნოს „ბ“-ს სესხი 2015 წლის 10 მაისის ჩათვლით, 2015 წლის 11 მაისიდან „ბ“-ს წარმოეშობა მოთხოვნის უფლება „ა“-ს მიმართ. ამავე მომენტიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
მაგ: სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის 2 წლიანი ვადა, რომელიც აითვლება, მათი განქორწინების მომენტიდან.
მაგ: „ა“-ს ბინიდან წყალი ჩამოდიოდა „ბ“-ს ბინაში, თუმცა აღნიშნული პროცესი ფარულად მიმდინარეობდა. „ბ“-მ მხოლოდ მაშინ გაიგო მისი კედლის დაზიანების შესახებ, როდესაც წყლის ლაქები გამოჩნდა მის კედელზე. მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა აითვლება სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც „ბ“-მ შეიტყო, რომ „ა“-სგან ჩამოსდიოდა წყალი, რამაც დააზიანა მისი ბინის კედლები.
როცა კანონში ან ხელშეკრულებაში მითითებულია მოთხოვნის წარმოშობის მომენტზე, ითვლება, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილესთვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.
მაგ: ხელშეკრულების მიხედვით „ა“ ვალდებულია დაუბრუნოს „ბ“-ს სესხი 2016 წლის 10 აპრილამდე, მოცემულ შემთხვევაში „ბ“-სთვის ცნობილია, რომ მისი მოთხოვნის უფლება წარმოიშობა 2016 წლის 10 აპრილის შემდგომ, შესაბამისად ხანდაზმულობის ათვლაც სწორედ ამ დროიდან დაიწყება.
ხანდაზმულობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე.