ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა

get_imgჩუქებით/მემკვიდრეობით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა

ზოგადი წესის თანახმად ფიზიკური პირის მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, 20%-იანი განაკვეთით.

მაგ: თეონამ მემკვიდრეობით მიიღო მეზობლისაგან 100.000 ლარის ღირებულების ბინა. იგი ვალდებულია გადაიხადოს ბიუჯეტში, საშემოსავლო გადასხადი 20.000 ლარის ოდენობით.

მაგ: მარიამმა მეზობლისაგან საჩუქრად მიიღო 10.000 ლარის როიალი, იგი ვალდებულია გადაიხადოს ბიუჯეტში, საშემოსავლო გადასახადი 2.000 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ფიზიკური პირი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებასთან დაკავშირებით.

საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია, შემდეგი სახის შემოსავლები:

საგადასახადო წლის (1 იანვრიდან, 31 დეკემბრამდე ვადა) განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა;

საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;

საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;

მაგ: თუ III რიგის მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, რომლის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 180.000 ლარი, ხოლო სამკვიდროს მისაღებად გაწეულმა ხარჯებმა 1000 ლარი (სამკვიდრო მოწმობის, გარდაცვალების მოწმობის მოპოვების,  ადვოკატის მომსახურების ხარჯები და ა.შ.).

ასეთ შემთხვევაში 180.000 ლარს გამოაკლდება 1000 ლარი, 179.000 ლარი იქნება დასაბეგრი შემოსავალი, რომლისგანაც 150.000 ლარის მოცულობით გათავისუფლდება მემკვიდრე, ხოლო დარჩენილ 29.000 ლარიდან გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს 20%-ის ოდენობით.

ფიზიკური პირის (I რიგის მემკვიდრის) მიერ ჯამურად მის და მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

მაგ: I რიგის მემკვიდრემ მამისგან მემკვიდრეობით მიიღო ბინა, რომელსაც მამა საკუთრებაში ფლობდა 1 წლის განმავლობაში გარდაცვალებამდე. სამკვიდროს მიღებიდან 15 თვის შემდგომ მემკვიდრემ გაყიდა ბინა და მიიღო 10.000 ლარის ნამეტი.

მოცემულ შემთხვევაში ნამეტი არ დაიბეგრება, რადგან მემკვიდრე არის I რიგის, ხოლო ქონება მასსა და მამკვიდრებელის საკუთრებაში ჯამურად 2 წელზე მეტი ვადით იმყოებოდა.

ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები:

I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი;

II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები;

III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;

IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და მამიდა.

საგადასახადო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ კომპანია BLH_ის საგადასახადო სამართლის ფორუმზე.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email