რა არის შრომის შინაგანაწესი?
შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს:
ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას – ცვლის ხანგრძლივობა;
ბ) დასვენების ხანგრძლივობა;
გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი;
დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
ვ) შრომის პირობების დაცვის წესები;
ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი;
თ) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი.
ასევე, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა შრომის შინაგანაწესით შეიძლება განსაზღვროს სპეციალური წესებიც.
შრომის შინაგანაწესი მხოლოდ მაშინ მოქმედებს დასაქმებულის მიმართ, როცა:
- შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ შრომის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია.
- შრომითი ხელშეკრულების დადებამდე, დამსაქმებელი აცნობს შრომის შინაგანაწეს დასაქმებულს.
დამსაქმებელი ვალდებულია შრომის შინაგანაწესში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გააცნოს დასაქმებულს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ცვლილებებს ძალა არ აქვთ ამ უკანასკნელის მიმართ.
ბათილია შრომის შინაგანაწესის ის დებულება, რომელიც ეწინააღმდეგება ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებას ან შრომის კოდექსს.
შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი, თუ იგი წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ნაწილს.
შრომის სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის შრომის სამართლის ფორუმზე.