რა იცით შვებულების შესახებ?

Tropical-Vacation

რა არის შვებულება?

დასაქმებულის მიერ შვებულების აღება გულისხმობს, შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერებას. დამსაქმებელი ვალდებულია შეაჩეროს შრომითი ურთიერთობა, დასაქმებულის მიერ შვებულების აღების შესახებ განცხადების საფუძველზე.

დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს:

  • ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით;
  • ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.

შრომითი ხელშეკრულებით, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ შვებულების ვადებსა და პირობებზე, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.

მაგ: შეიძლება შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვროს ანაზღაურებადი შვებულება 30 დღის ოდენობით, თუმცა მხარეები ვერ განსაზღვრავენ ანაზღაურებად შვებულებას 20 დღის ოდენობით, რადგან აღნიშნული აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას და შესაბამისად ასეთი პირობა იქნება ბათილი.

თუ დამსაქმებელი წყვეტს შრომით ხელშეკრულებას შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ა“, „ვ“-თ“ და „ო“ პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს დასაქმებულს გამოუყენებელი შვებულება, შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

მაგ: თუ დასაქმებულმა იმუშავა 4 თვე, მას ეკუთვნის 8 გამოუყენებელი შვებულების შესაბამისი თანხა.

შვებულების მიცემის წესი

დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს. მხარეთა შეთანხმებით ასევე შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

შვებულებაში არ ითვლება:

  • დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი,
  • შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო,
  • შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო,
  • დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებელი უფლებამოსილია დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დასაქმებულის კანონიერი ინტერესებს და არ უნდა ლახავდეს მის შრომით უფლებებს.

ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

ანაზღაურებადი შვებულების გადატანა 

ანაზღაურებადი შვებულების გადატანა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც:

ა. დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე.

ბ. დასაქმებული თანახმაა შვებულების გადატანაზე.

  • აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.
  • აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.

საშვებულებო ანაზღაურების გამოთვლის წესი

დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება:

ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

თუ ანაზღაურება არ არის ფიქსირებული – შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან,

თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან.

შრომის სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის შრომის სამართლის ფორუმზე.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email