უძრავი და მოძრავი ნივთის ცნება
ნივთი კერძო სამართლის ობიექტია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მისი კანონის ფარგლებში თავისუფლად ფლობა, სარგებლობა და განკარგვა.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ნივთი შეიძლება იყოს, როგორც უძრავი ისე მოძრავი, თუმცა სამოქალაქო კოდექსი მხოლოდ უძრავი ნივთის მნიშვნელობას განმარტავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სხვა ნივთი წარმოადგენს მოძრავს.
„უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობანაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.“
უძრავი ნივთის ხერხემალს, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს. მიწის ნაკვეთს მიეკუთვნება ის, რაც მიწაზეა და რაც მიწის ქვეშაა. მაგალითად წიაღისეული, მცენარეები და ა.შ.
უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, შენობა–ნაგებობები, ასევე სხვა ობიექტები, რომლებიც მიწაზე მყარად დგანან. აღნიშნული ობიექტები წარმოადგენენ მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს, ანუ მიწასთან ერთად ქმნიან ერთიან უძრავ ნივთს.
მყარად დაკავშირებულად უნდა განვიხილოდ, ისეთი კავშირი, სადაც ნივთის მოცილება მოითხოვს დიდ ენერგიას და დანახარჯებს ან იწვევს დიდ ზიანს.
როგორც მიწა ისე მისი შემადგენელი ნაწილები შეიძლება იქცნენ მოძრავ ნივთად თუ მოხდება მათი სივრცობრივად ნატურით გამიჯვნა.
მაგ: მიწაზე დარგული ხე, მისი შემადგენელი ნაწილია, ანუ უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილია, ხოლო როცა ხდება მისი მიწიდან გამოცალკევება, იგი ხდება მოძრავი ნივთი.
ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილს მიეკუთვნება არა ის რაც ამ ნივთის არსებას განსაზღვრავს, არამედ ის რაც სამართლებრივად არის მასთან დაკავშირებული და არ წარმოადგენს განსაკუთრებული უფლების ობიექტს, ანუ არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული ნივთთან და როგორც წესი, იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი.
მაგ: თუ ყიდი მიწას, მაშინ მისი შენობა-ნაგებობაც ახალი მყიდველის საკუთრებაში გადავა. ხოლო დამოუკიდებლად შენობა-ნაგებობის გასხვისება დაუშვებელია.
სამაგიეროდ შესაძლებელია დამოუკიდებელი ვალდებულებითი უფლების წარმოშობა შემადგენელ ნაწილზე, მაგ: სახლის გაქირავება ან სახლის რომელიმე ოთახის გაქირავება.
არ ჩაითვლება მიწის არსებით შემადგენელ ნაწილად ნივთები, რომლებიც მიწასთან დაკავშირებულები არიან დროებითი სარგებლობისთვის.
მაგ: შენობა-ნაგებობა შეიძლება დროებით აშენდეს მიწაზე, ხოლო ხელშეკრულებით გარკვეული ვადის შემდეგ განისაზღვროს მისი გადატანა სხვა ადგილას. ასეთ შემთხვევაში შენობა-ნაგებობა არ იქნება მიწის შემადგენელი ნაწილი და იგი დამოუკიდებელი მოძრავი ნივთი იქნება.
სამოქალაქო კოდექსში არსებული საკუთრების პრეზუმციის ცნება, სხვადასხვანაირად აწესრიგებს უძრავ–მოძრავი საკუთრების პრეზუმციას.
მოძრავი ნივთის შემთხვევაში მისი ფაქტობრივი მფლობელი ითვლება მის მესაკუთრედ, ხოლო უძრავი ნივთის მესაკუთრე დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით.
განსხვავებულია უძრავ და მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის წესიც, კერძოდ მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად საკმარისია მისი ფაქტობრივად გადაცემა მყიდველის მფლობელობაში, ხოლო უძრავი ნივთის შემთხვევაში აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ წარმოიშობა საკუთრების უფლება.