როგორია ტურისტული მომსახურების სამართლებრივი მხარე??

 

835bb25f8df8abb0f512d173baed5c0f (1)

ტურისტული ხელშეკრულების ცნება

უცხოეთში დასვენება სულ უფრო და უფრო პოპულაური ხდება ქართველებს შორის, ამიტომაც უცხოეთში დასვენების მსურველთათვის საინტერესო იქნება ის სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება ტურისტულ ხელშეკრულებას, რომელიც იდება ერთი მხრივ მოგზაურობის მომწყობსა და მეორე მხრივ მოგზაურს შორის.

ტურისტული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, როგორც ზეპირად ისე წერილობით. თუმცა ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უპრიანია, რომ ხელშეკრულება დაიდოს წერილობითად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოშობილი დავის გადაწყვეტა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

ტურისტული საწარმო მოვალეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტის შესაბამისად მოაწყოს ტურისტული მოგზაურობა, ხოლო ტურისტი მოვალეა დათქმულ ვადაში გადაუხადოს მას საზღაური. ტურისტული პაკეტი შეიძლება შედგებოდეს ორი ან მეტი კომპონენტისაგან (მაგ: კვება, ღამის თევა, ტრანსპორტი და ა.შ.)

მოგზაურობის მომწყობს ეკრძალება ნებისმიერი სახის მცდარი ინფორმაციის მიწოდება მოგზაურისათვის. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

მაგ: მოგზაურობის მომწყობის შეთავაზებაში სასტუმრო all-inclusive პაკეტით იყო მითითებული, როცა მოგზაური ჩავიდა სასტუმროში, აღმოჩდა, რომ მოგზაურის პაკეტი მოიცავდა მხოლოდ ღამის საცხოვრისსა და ერთჯერად კვებას სასტუმროში, ხოლო ყველაფერი დანარჩენისთვის ფულის გადახდა იყო საჭირო.

ასეთ შემთხვევაში, ეს დამატებითი ხარჯები უნდა აანაზღაუროს მოგზაურობის მომწყობმა. მცდარი ინფორმაციის შეტყობის აკრძალვასთნ ერთად, მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია წერილობითად ან მოგზაურისათვის მისაღები სხვა ფორმით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ტურისტს, მოგზაურობის შესახებ, კერძოდ: მოგზაურობის ღირებულების, ტრანსპორტის, განთავსების, კვების და სხვა ინფორმაცია. ამ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანიც ექვემდებარება ანაზღაურებას.

მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოგზაურობა ყოველგვარი ხარვეზის გარეშე.

თუ მოგზაურობის მომწყობი ვერ უზრუნველყოფს მოგზაურობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მოგზაურს უფლება აქვს მოითხოვოს ხარვეზების დაუყონებლივ გამოსწორება, თუმცა თუ აღნიშნული ხარვეზების გამოსწორება საკმაოდ დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაშინ მოგზაურობის მომწყობი უფლებამოსილია უარი თქვას ხარვეზის გამოსწორებაზე, მაგრამ მან უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რაც დადგება ამ ხარვეზის გამოუსწორებლობით.

პრაქტიკაში ხშირად მოტყუებული ტურისტები დამატებითი ხარჯებით თვითონ იქმნიან იმ პირობებს, რაც ტურისტულ სააგენტოს უნდა შეექმნა, ზოგჯერ ტურისტული სააგენო მათ პირდება მოქმედებას, მაგრამ ამასობაში იწურება მოგზაურობის პერიოდი. ასეთ ვითარებაში ტურისტს შეუძლია ბოლო თვითონ აღმოფხვრას მოგზაურობის ხარჯები, შემდეგ კი მოითხოვოს გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება.

მაგ: ზემოთ მოყვანილ მაგალითში, იმის შემდეგ, რაც მოგზაურმა აღმოაჩინა, რომ მისი პაკეტი არ ითვალისწინებიდა all-inclusive სერვისს, იგი დაუკავშირდა მოგზაურობის მომწყობს და მოსთხოვო ხარვეზის გამოსწორება. აღმოჩდა, რომ ამ ხარვეზის გამოსწორება ტურის ღირებულებას ორჯერ აჭარბებდა, აქედან გამომდინარე მოგზაურობის მომწყობმა თქვა უარი გამოესწორებინა ხარვეზი. ასეთ შემთხვევაში მოგზაურობის მომწყობი ვალდებული იქნება, ის დამატებითი ხარჯები აანაზღაუროს, რაც მოყვა all-inclusive სერვისის შეუთავაზებლობას.

ტურისტი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მოგზაურობის მომწყობი ვერ შეძლებს ტურისტისათვის ისეთ მომსახურების გაწევას, რომელიც შეესაბამება მოგზაურობის მიზნებს და ამის გამო ტურისტს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი.

მაგ: გიორგი თავის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ტურისტული ფირმის ორგანიზებით გაემგზავრა ქობულეთში დასასვენებლ სახლში ოთხი სულისათვის განკუთვნილ ერთ ნომერში უნდა ეცხოვრა 18 დღე, მაგრამ ჩასვლისას გაირკვა, რომ ორ სულს მეათე სართულზე ორადგილიან ნომერში უნდა ეცხოვრა, ხოლო ორს- მესამე სართულზე, რადგან ოთხოთახიანები დაკავებული იყო. გიორგი იმ დღესვე დაბრუნდა თბილისში და მოითხოვა საზღაურის უკან დაბრუნება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

როცა მოგზაურობის მომწყობი ჯეროვნად ასრულებს თავის ვალდებულებებს, ყველა ღონეს ხმარობს, რომ მოგზაურობას არ ჰქონდეს ხარვეზი, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მაგ: ავიაკომპანიის/რკინიგზის გაფიცვა, მეხი და ა.შ., შეუძლებელი ხდება მოგზაურობის განხორციელება ჯეროვნად, ტურისტს შეუძლია მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტისა ან ფასის შემცირების მოთხოვნა. ხოლო, თუ მოგზაურობის ხარვეზი გამოწვეულია მოგზაურობის მომწყობის ბრალით, მაშინ მოგზაური უფლებამოსილია ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვოს.

ტურისტული ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, სანამ დაიწყება მოგზაურობა, ტურისტს უფლება აქვს უარი თქვას მოგზაურობაზე და მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა ნებისმიერი მიზეზით.

თუ ხელშეკრულების გაფორმებისას ტურისტმა გადაიხადა მოგზაურობის საზღაური და შემდეგ განაცხადა უარი ხელშეკრულებაზე, მას ეს თანხა დაუბრუნდება, მაგრამ თუ საზღაურის გადახდამდე განაცხადა უარი, ტურისტულ ფირმას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ის თანხა, რა მოგებასაც მიიღებდა აღნიშნული მოგზაურობის მოწყობიდან.

ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებაში მხარეები არ შეიძლება შეთანხმდნენ ისეთ პირობებზე, რომელიც საზიანოა მოგზაურობისთვის. ასეთი შეთანხმება დგინდება სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და ბათილია.