თბილისის მერია „სითი პარკთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას ცვლის

news_3188სითი პარკთან დადებული ხელშეკრულება იცვლება

დედაქალაქის მერიამ საზოგადოების ზეწოლას ვერ გაუძლო და “სითი პარკთან” დადებულ ხელშეკრულების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ეს გადაწყვეტილება მერიამ საზოგადოებას მას შემდეგ აცნობა, რაც მერიის წინ საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა აქცია დაგეგმა და მოქალაქეებს “სითი პარკის” ქმედებების გაპროტესტებისაკენ მოუწოდა.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კომპანია “სითი პარკთან” კონტრაქტის გაუქმებას ითხოვს.

როგორც ელისაშვილმა დღეს თბილისის მერიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, დღეიდან ორი კვირის განმავლობაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია დაიწყება.

“თუ ამომრჩევლები, გადასახადების გადამხდელები, დამქირავებლები გარედან არ შევუქმნით მერიას პრობლემებს, მერია არაფერს გააკეთებს. “სითი პარკს” კიდევ წინ ელის 10-წლიანი მონოპოლია ქალაქში, მას კიდევ ელის ჩვენი ჯიბიდან ამოღებული 350 მილიონი და რატომ დაკარგავენ ამ შემოსავალს?!

დღეიდან ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას – არავინ უნდა გადაიხადოს ჯარიმა, არავინ უნდა გადაიხადოს ამ აბონიმენტის თანხა, ყოველგვარი ძალადობის გარეშე უნდა ვეცადოთ, ვიყოთ ერთმანეთისადმი სოლიდარულები და როდესაც უკანონოდ მიჰყავთ ავტომობილები, არ უნდა გავატანოთ ისინი, რომ საკუთარ ჯიბესა და ტყავზე იგრძნოს “სითი პარკმა” და მერიამაც, რომ პრობლემა რეალურად არსებობს და მოსახლეობაში არის პროტესტი”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მერიისგან რეალური ნაბიჯების გადადგმას დაელოდებიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადაში და როდის გაწყვეტს კონტრაქტს “სითი პარკთან”. ელისაშვილის განცხადებით, აქ საუბარი არ შეიძლება იყოს, რაიმეს კორექტირებაზე.

რაც შეეხება იმ თანხას, რომლის გადახდაც ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში მერიას “სითი პარკისთვის” მოუწევს, ელისაშვილის განცხადებით, ეს ნამდვილად 25 მილიონი ლარია.

“კეთილი ინებონ მერიამ და პროკურატურამ და თუ ისინი მოახერხებენ, რომ გიგი უგულავას საქმე ბოლომდე მიიყვანონ, დაუდასტურონ კორუფციაში მონაწილეობა “სითი პარკსა” და მის მენეჯმენტს, მაშინ ყოველგვარი თანხის გარეშეა შესაძლებელი კონტარქტის გაწყვეტა და ამ კომპანიის მშრალზე დატოვება. ახალი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, ნებისმიერი კომპანია გადაიხდის 25 მილიონ ლარს, თუ მას საინვესტიციო ვალდებულებაში გაეწერება ეს თანხა, თუ 10-15-20 წლიანი ოპერირების უფლება ექნება”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილის საპასუხოდ, თბილისის მერიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. კერძოდ, უწყება „სითი პარკთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს იწყებს.

მოლაპარაკებებზე მერია ხელშეკრულებაში 4 ძირითადი ცვლილების შეტანის საკითხს დააყენებს:

1. შეეზღუდოს „სითი პარკს” ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არასწორად გაჩერებული მანქანა მოძრაობას ხელს არ უშლის. კომპანიას ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ იგი მოძრაობას შეაფერხებს.

2. შეიცვალოს შემოსავლების უთანასწორო განაწილების წესი, რომელიც წლების განმავლობაში დედაქალაქს შემოსავალს აკარგვინებდა. აღნიშნული ცვლილება თბილისის ბიუჯეტს დამატებით თანხებს გაუჩენს, რითაც სხვადასხვა პროექტი განხორციელდება.

3. შეიზღუდოს ტროტუარებზე პარკირება, რაც ქვეითად მოსიარულეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. პარალელურად, თბილისის მერია აპირებს, უახლოეს მომავალში გამოაცხადოს ინტერესთა გამოხატვა ინვესტორთათვის დედაქალაქში პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით.

4. გაუქმდეს ხელშეკრულების ის მუხლი, რომლითაც წლების განმავლობაში „სითი პარკს” პარკირების მოწყობისა და ადმინისტრირების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა. აღნიშნული ცვლილება ბაზარზე სხვა კომპანიების გაჩენის შესაძლებლობას შექმნის, კონკურენტული გარემო კი აღნიშნულ სფეროში სერვისს გააუმჯობესებს.

რაც შეეხება კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტას, მერიაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში, დედაქალაქის მერიას კოლოსალური ჯარიმის გადახდა მოუწევს, რაც ხელშეკრულების შესწავლის შემდეგ საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ – „Ernst & Young”-მაც დაადასტურა. ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, თბილისის მერიას „სითი პარკისთვის” არანაკლებ 25 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრება, რაც დედაქალაქის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

„იმის გამო, რომ, ერთი მხრივ, მოხდეს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხრივ კი, არ იზარალოს ქალაქმა, თბილისის მერია უახლოეს დღეებში კომპანიასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, ხოლო მიღწეულ შეთანხმებებს გაასაჯაროებს. ვინაიდან საკითხი დელიკატურია, თბილისის მერია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არ შეიყვანონ მოსახლეობა შეცდომაში. დედაქალაქის მერია თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისელთა ინტერესი სახეცვლილ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული”-აცხადებენ მერიაში.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email