სესხის დაპირება
სესხის დაპირების ხელშეკრულებით, დამპირებელი (მომავალში გამსესხებელი) ვალდებულია გადასცეს სესხი მეორე მხარეს (მომავალში მსესხებელს).
სესხის დაპირება (შეპირება) თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების წინარე ხელშეკრულებას, რაც ნიშნავს, იმას, რომ სესხის დაპირების ხელშეკრულებით წარმოიშობა მომავალში, სესხის ხელშეკრულების დადების ვალდებულება და მსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მისთვის სესხის გადაცემა.
სესხის დაპირების ხელშეკრულების არსებობისთვის აუცილებელია შემდეგი საკითხების განსაზღვრა:
ა) ხელშეკრულების მხარეების განსაზღვრა.
ბ) ხელშეკრულების ობიექტის განსაზღვრა- რა უნდა გადასცეს დამპირებელმა მეორე მხარეს.
გ) მითითება, რომ სახეზეა სესხის შეპირება და არა მაგალითად ჩუქების შეპირება.
მაგ: თუ „ა“ შეპირდება „ბ“-ს, რომ გადასცემს 10.000 ლარს, დაპირების შინაარსიდან უნდა ირკვეოდეს, რომ აღნიშნული თანხის გადაცემა ხდება მისი უკან დაბრუნების პირობით და არა ჩუქების საფუძველზე.
დ) ხელშეკრულების ფორმა – სკ-ის 628-ე მუხლის მიხედვით სესხის დაპირების ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. ზეპირად დადებური სესხის დაპირების ხელშეკრულება ბათილია.
დამპირებელი უფლებამოსილია უარი თქვას თავის ვალდებულებაზე, თუ მეორე მხარის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდება. მაგ: იგი გაკოტრდება, დაკარგავს სამსახურს და ა.შ.