საჯარო მოხელის სამსახურში მიღება
საჯარო მოხელე სამსახურში მიიღება თანამდებობაზე დანიშვნით ან არჩევით.
თანამდებობაზე დანიშვნის უფლება:
პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა საჯარო სამსახურის შესახებ 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
თანამდებობაზე პირის დანიშვნის უფლება აქვს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ ამისათვის უფლებამოსილ მოხელეს.
თანამდებობა, რომელზეც მოხელის დანიშვნის უფლება აქვს დაწესებულების ხელმძღვანელს, განისაზღვრება კანონმდებლობით.
სამსახურის ვადა და გამოსაცდელი ვადა:
მოხელე სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა (იხ. საჯარო სამსახურის შესახებ 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა, არა უმეტეს 6 თვისა.
გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.
გამოსაცდელ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში.
საჯარო სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები:
სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება;
ბ) Curriculum Vitae (CV);
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
ამ დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის საფუძველი.
თანამდებობაზე დანიშვნის გაფორმება:
თანამდებობაზე დანიშვნა ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით.
ბრძანება ან განკარგულება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელი და გვარი;
ბ) იმ დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თანამდებობაზე ინიშნება;
გ) თანამდებობის დასახელება, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი და დანამატები;
დ) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ე) სამსახურის ვადა – თუ პირი სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით;
ვ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა – თუ გამოსაცდელი ვადა გამოიყენება.