სახელმწიფო ბაჟი სამოქალაქო პროცესში
სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სასამართლო ხარჯების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს.
საპროცესო კანონმდებლობით ამომწურავად არის განსაზღვრული ის მოქმედებები რისთვისაც საჭიროა სახელმწიფო ბაჟის შეტანა. მაგ: სარჩელი, შეგებებული სარჩელი, სააპელაციო საჩივარზე და ა.შ.
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის ორი მეთოდი არსებობს: მარტივი და პროპორციული.
მარტივი მეთოდი- კანონმდებელი წინასწარ განსაზღვრავს მის ოდენობას ლარებით.
პროპორციული- იმ თანხმების მოცულობის პროცენტულად განსაზღვრა, რომელსაც შეადგენს სარჩელის, განცხადების თუ საჩივრის ფასი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იყენებს ორივე მეთოდს და განსაზღვრავს ბაჟის ოდენობას 39-ე მუხლის მეშვეობით.
მარტივი მეთოდის მაგალითი: კერძო საჩივრისთვის სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 50 ლარს.
პროპორციული მეთოდის მაგალითი: პირველ ინსნტაციაში სარჩელისთვის ბაჟი შეადგენს სარჩელის ფასის 3%-ს. მინიმუმ 100 ლარი, მაქსიმუმ 3000 ლარი ფიზიკური პირებისათვის და მაქსიმუმ 5000 ლარი იურიდიული პირებისათვის.
დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესი -დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა ევალება მოსარჩელეს. მან უნდა მიუთითოს სარჩელში დავის საგნის ფასი. თუ იგი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, სასამართლოს შეუძლია სარჩელი დატოვოს უმოძრაოდ.
თუ მოსარჩელის მიერ განსაზღვრული სარჩელის ფასი არ შეესაბამება რეალურ ფასს, მაშინ მოსამართლეს უფლება აქვს თვითონ განსაზღვროს ეს ფასი, თუ მას უჭირს ამის გაკეთება მაშინ შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი.
როცა ერთ სარჩელში რამდენიმე მოთხოვნაა გაერთიანებული, მათი ფასი უნდა შეიკრიბოს და განისაზღვროს შეჯამებული მოთხოვნების ფასი. (საერთო ფასი).
მაგ: თუ ერთი სარჩელით ითხოვთ მოვალესგან სესხის სახით 1000 ლარის დაბრუნებას და ამავდროულად ბინის ქირის სახით 500 ლარის გადაცემას. ჯერ უნდა შეიკრიბოს აღნიშნული მოთხოვნები და 1500 ლარიდან უნდა მოხდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
აღსანიშნავია, რომ თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.
მაგ: თუ განიხილება განქორწინების საქმე და მეუღლეთა თანაზიარი ქონების გაყოფის საკითხი, მაშინ ბაჟი გამოითვლება ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესაბამისად.
სახელმწიფო ბაჟის გადახდის და უკან დაბრუნების წესი
სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით, იმ საპროცესო მოქმედების შესრულებამდე, რომელასც ითხოვს მხარე. თუ სასამართლოს ინიციატივით ხდება საპროცესო მოქმედების შესრულება, ხარჯები განაწილდება მხარეებს შორის თანაბარწილად.
გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.
სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, უნდა გაიცეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე შესაბამისი ბიუჯეტიდან. თანხა გაიცემა იმ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ.
სასამართლო ხარჯებისგან გათავისუფლება და შემცირება
სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლება შეიძლება მოხდეს კანონის ძალით და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ არც კანონს და არც სასამართლოს არ შეუძლია გაათავისუფლოს ისეთი სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რომელიც მეორე მხარეს უნდა აუნაზღაურდეს.
მაგ: მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით,დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სახელმწიფო ბაჟის შემცირება
თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სასამართლო მედიაციის პროცესში დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.