საქართველოში მოქმედი ფირმებისთვის უცხოელების დასაქმების წესი იცვლება

w5fong9hmdvafn8-300x142უცხოელების დასაქმება საქართველოში რთულდება

საქართველოში მოქმედიკომპანიებისთვის უცხოელების დასაქმება რთულდება – რა შეზღუდვებს ითვალისწინებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ავტორი ჯანდაცვის სამინისტრო, ინიციატორი კი მთავრობაა.

საქართველოს ბაზარზე მყოფ დამსაქმბლებს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის 90 – ზე მეტი დღით შემოყვანის და დასაქმების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ დამსაქმებელი შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალს ადგილობრივ ბაზარზე ვერ მოიძიებს.

,,შრომითი მიგრაციის შესახებ’’ კანონის პროექტში წერია, რომ მისი მიღების მიზანია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და ქვეყანაში შრომითი მიგრაციული პროცესების რეგულირება.

რა ბარიერები ექმნებათ დამსაქმებლებს, რომლებსაც საქართველოში უცხოელის შემოყვანა სურთ?

თუ აქამდე როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორი თავად წყვეტდა მსახურში ვინ აეყვანა ,,შრომითი მიგრაციის შესახებ’’ კანონის მიღებიდან 6 თვის შემდეგ ამის უფლება ნაწილობრივ არ ექნებათ.

“საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის შრომითი მოწყობისა და მისი შრომის გამოყენებისთვის ადგილობრივი დამსაქმებელი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ვალდებულია, მოახდინოს მოთხოვნის რეგისტრაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს და წარუდგინოს მას ინფორმაცია არსებული მოთხოვნილი ვაკანსიების, კვალიფიკაციის და კომპეტენციების შესახებ. ამის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო 7 სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაოს მაძიებელთა ბაზიდან ეძებს შესაბამის პირს;

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 7 დღის ვადაში ვერ მოიძიებს წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამის კადრს დამსაქმებელს უკვე უფლება ეძლევა უცხოელი აიყვანოს სამსახურში’’.

დამსაქმებელმა თავისი უარი უნდა დაასაბუთოს. დასაბუთებული უარის კრიტერიუმების განსაზღვრა კი მოხდება კანონქვემდებარე აქტებით, რომელიც ჯერ დაწერილი არ არის.

ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ უცხოელს აქვს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, ასევე მინიჭებული ქვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი, რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში, აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მოწვევა, ეწევა პედაგოგიურ ან დროებით საექიმო საქმიანობას, გარდა ამისა, კანონი არ ეხება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებს, აკრედიტირებულ ჟურნალისტს, ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის და გარანტიების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უცხოელ ინვესტორს, ასევე სასულიერო პირებს და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს.

საქართველოდან თავისი სურვილით საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულ მოქალაქეს არცერთი სამინისტროდან ნებართვა არ ჭირდება, მაგრამ იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან , ვალდებულია დარეგისტრირდეს შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციებელ სუბიექტად საქართველოს კანონის თანახმად. რეგისტრაციის გარეშე სუბიექტებს ეკრძალებათ საქმიანობა. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი ისინი ჯარიმდებიან 300 ლარით.

შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. ასევე საინტერესოა ისიც, რომ შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელმა სუბიექტმა ხელშეკრულება უნდა დადოს უცხოელ დამსაქმებელთან, ასევე იმასთან, ვისაც ასაქმებს და ასევე ვალდებულია იმ უცხოელი დამსაქმებლის შესახებ მოიძიოს ინფორმაცია.

ფაქტობრივად გამოდის, რომ ამ კანონით მთავრობა ცდილობს, დაასაქმოს ადგილობრივები, რადგან თუ 3 თვეზე მეტი ხნით ჭირდება დამსაქმებელს მუშა ხელი, ის ჯერ ქართულ ბაზარზე უნდა მოიძიოს და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს უფლება უცხოეთიდან ჩამოიყვანოს.

კანონპროექტის თანახმად, შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის კომპეტენციაში შედის ,,სახელმწიფო ინტერესებისა და ეროვნულ შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, საქართველოში უცხოური სამუშაო ძალის შემოყვანის და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელების მიერ საქართველოში ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის კუთხით ცალკეული შეზღუდვების დაწესება ან წახალისება’’.

ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება კანონპროექტის საბოლოორედაქცია, ასევე რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე.

წყარო: კომერსანტი

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email