სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია

Trademark

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია

იმისათვის, რომ ვისაუბროთ რა პროცედურების გავლაა საჭირო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის, ჯერ აუცილებელია განვმარტოთ რას ნიშნავს „სასაქონლო ნიშანი“ და რატომაა მისი რეგისტრაცია აუცილებელი?

სასაქონლო ნიშანი – ეს არის კონკრეტული სიმბოლო ან სიბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება მეწარმე სუბიექტის მიერ შემოთავაზებული საქონლისა ან მომსახურების იდენტიფიკაციისთვის.

სწორედ სასაქონლო ნიშანი განასხვავებს კონკრეტული ბიზნესის მიერ შემოთავაზებულ პროდქუტს, სხვა კონკურნტი თუ არაკონკურენტი მეწარმის მიერ წარმოდგენილი პროდუქტებისგან.

იხ. მეტი სასაქონლო ნიშნის ცნების შესახებ.

ამდენად, სასაქონლო ნიშანი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ბიზნეს საქმიანობაში. იგი წარმოადგენს მეწარმის არამატერიალურ ქონებას.

ბიზნეს საქმიანობას ახასიათებს ბევრი სირთულეები, მათ შორის სასაქონლო ნიშნის დაცვასთან დაკავშირებული სირთულეები.

სასაქონლო ნიშნის დაცვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია მისი რეგისტრაცია საქპატენტში. სწორედ რეგისტრაციის მეშვეობით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ეფექტურად დაიცვას თავისი სასაქონლო ნიშანი.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში შემდეგი პროცედურების დაცვით ხორციელდება:

განცხადების შეტანა

პირველ რიგში დაინტერესებული პირს შეაქვს განცხადება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე საქპატენტში, უშუალოდ თვითონ ან წარმომადგენლის მეშვეობით. განაცხადი დადგენილი წესით ივსება ქართულ ენაზე. ამასთან, ის უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას.

წარმოდგენილი განცხადება აგრეთვე შეიცავს განმცხადებლის სრულ სახელს (სახელწოდებას) და იურიდიულ მისამართს, სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას, იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, წარმომადგენლის ვინაობას და მისამართს (თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ), განმცხადებლის ან წარმომადგენლის ხელმოწერას განაცხადზე.

განცხადების ექსპერტიზა

ამის შემდეგ სარეგისტრაციოდ შეტანილ განცხადებას უტარდება ფორმალური და არსობრივი ექსპერტიზა. ფორმალური მოთხოვნის ექსპერტიზა ტარდება განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში. ამ ეტაპზე დგინდება არის თუ არა განცხადება შესაბამისობაში კანონმდებლობასთან.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დამთავრებიდან 6 თვის ვადაში ტარდება არსობრივი ექსპერტიზა. ამ საფეხურზე მოწმდება არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის მატერიალური საფუძვლები.

არსობრივი ექპერტიზის საფუძველზე დაინტერესებულ პირს, განმცხადებელს ეგზავნება გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

რეგისტრაცია

თუკი არსობრივი ექსპერტიზის შემდეგ დადებითი პასუხი იქნება გამოტანილი „საქპატენტი“ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში აქვეყნებს განაცხადის მონაცემებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პირს შეუძლია გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.

თუ დადგენილ ვადაში სააპელაციო პალატაში შეტანილ საჩივარზე პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, „საქპატენტი“ ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში.

სასაქონლო ნიშნის რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ „საქპატენტი“ გასცემს მოწმობას სასაქონლო ნიშანზე.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის მოქმედების ვადა კანონმდებლობით განისაზღვრება 10 წლით. ვადის ათვლა იწყება „საქპატენტში“ რეგისტრაციის დღიდან.

ავტორი: მარიამ ქობლიანიძე.

გსურთ თქვენი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია? კომპანია BLH გთავაზობთ ბრენდირების სრულ მომსახურებას, მათ შორის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას. დაგვიკავშირდით.