სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის უფლების შეჩერება არაკონსტიტუციურად ცნო

 

admin-ajaxსაკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის უფლების შეჩერება არაკონსტიტუციურად ცნო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ – მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (საკუთრების უფლება) და მე-14 მუხლთან მიმართებით (თანასწორობის უფლება).

სადავო ნორმის მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე უცხოელ ფიზიკურ პირებს შეჩერებული ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების შეძენის უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა.

“საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმას იგივე შინაარსი აქვს, რაც იმ ნორმას, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. შესაბამისად, არსებითი განხილვის გარეშე, განჩინებით, არაკონსტიტუციურად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა სადავო ნორმა”,-განმარტავენ საკონსტიტუციო სასამართლოში.