სამოქალაქო სარჩელის შინაარსობრივი მოთხოვნები

ery-300x160-300x160სარჩელის შინაარსობრივი მოთხოვნები

სარჩელის კანცელარიაში რეგისტრაციის შემდგომ, იგი გადაეცემა მოსამართლეს, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის განსახილველად მიღებისა ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ 5 დღის ვადაში.

სასამართლო მიიღებს სარჩელს განსახილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი პასუხობს კანონით დადგენილ შინაარსობრივ მოთხოვნებს.

წარმოგიდგენთ სარჩელის შინაარსობრივ მოთხოვნებს:

1.დავის საგანი

სარჩელში უნდა იყოს მითითებული დავის საგანი – სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი არსი (მაგ.: ზიანის ანაზღაურება, ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, სესხის დაბრუნება). სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მითითებით გასაგები ხდება დავის კატეგორია.

2. მოსარჩელის მოთხოვნა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი

სარჩელის საგანი არის ის კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა, რომელსაც მოსარჩელე უყენებს მოპასუხეს და რომელზეც სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება.

სამართლებრივი საფუძველი არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნებს.

♦  დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით სარჩელში გარკვევით, ნათლად და ამომწურავად უნდა იყოს ჩამოყალიბებული მოსარჩელის მოთხოვნა, რადაგან სასამართლო მას ვერ შეცვლის და ვერ გაცდება მის ფარგლებს.

♦ მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია სარჩელის კლასიფიკაცია:

1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელში მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. მაგ.: ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება;

2. აღიარებითი სარჩელი აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. მაგ.: ქორწინების ბათილად ცნობა;

3. გარდაქმნით სარჩელში მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-გარდაქმნისაკენ.

♦   სარჩელის საგანი სარჩელის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც განსაზღვრავს მის სამართლებრივ ბუნებას და სარჩელის საფუძველთან ერთად ახდენს სარჩელის ინდივიდუალიზებას. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამეთუ კანონი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უკრძალავს მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე.

მოთხოვნისგან განსხვავებით, სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაში, სასამართლო განიხილავს სარჩელს. იგი არ არის შეზღუდული მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლით და მისი მიუთითებლობა არ წარმოადგენს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს.

3. ფაქტები და გარემოებები

სარჩელი არ აკმაყოფილებს შინაარსობრივი დასაშვებობის პირობებს და მოსამართლე არ მიიღებს მას თუ: 

არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;

♦  ფაქტობრივი გარემოებები 

სარჩელში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს.

♦  შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო შებოჭილია მხარეთა მიერ მითითებული გარემოებებით; მოსარჩელე თავად განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნებს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

♦   სარჩელში მოსარჩელის მიერ მითითებული თითოეული ფაქტობრივი გარემოების შემდეგ უნდა მიეთითოს მტკიცებულება (მხარის ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება, ექსპერტის დასკვნა), რომელზე დაყრდნობითად უნდა იქნეს დადგენილი ეს გარემოება;

♦   გამონაკლისს წარმოადგენს საოჯახო დავები, სადაც სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტებების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომელბზეც მხარეებს არ მიუთითებიათ.

4. მტკიცებულებები

♦  სარჩელი არ აკმაყოფილებს შინაარსობრივი დასაშვებობის პირობებს და მოსამართლე არ მიიღებს მას თუ:

♦  სარჩელს არ ერთვის მასში მითითბული ყველა მტკიცებულება.

♦  თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

სამოქალაქო პროცესში შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.  ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სარჩელში სრულყოფილად და თანმიმდევრულად უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეული ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით.

თუ მოსარჩელე მის მიერ მითითებული ფაქტოვრივი გარემოების დასადასტურებლად უთითებს მხოლოდ თავის ახსნა-განმარტებას, რადგან არ არსებობს ფაქტის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება, ეს არ წარმოადგენს სარჩელის მიღებაზე უარის  თქმის საფუძველს, რადგან მოსარჩელის ახსნა-განმარტებაც მტკიცებულებაა. რაც შეეხება საკითხს, საკმარისი მტკიცებულებაა თუ არა მხარის ახსნა-განმარტება ფაქტის დასადასტურებლად, ეს საკითხი სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე არ წყდება.

5. სარჩელის ფასი და სახელმწიფო ბაჟი

სარჩელის (დავის საგნის) ფასი არის პროცესუალური ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება სასამართლოს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრაში.

♦  სარჩელში მითითებული უნდა იქნეს სარჩელის ფასი, თუ შესაძლებელია სარჩელის შეფასება. სარჩელის ფასის მითითება უნდა მოხდეს მაშინაც კი, როცა მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; 

♦  სარჩელის ფასის დაანგარიშების წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლში.

♦  სახელმწიფო ბაჟი არის შენატანი საქართველოს ბიუჯეტში, სასამართლო პროცესის წარმართვისათის. სახელმწიფო ბაჟის ოდენობები დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლებით.

♦  სარჩელს უნდა ერთვოდეს სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან:

♦  მითითებული უნდა იყოს, რომ კანონი მოსარჩელეს ათავისუფლებს მისი გადახდისაგან;

♦  წარმოდგენილი უნდა იქნეს შუამდგომლობა ბაჟის გადახდისაგან გათავისულფების, მისი ოდენობის შემცირების ან/და გადახდის გადავადების მოთხოვნით.

♦  სასარჩელს უნდა ერთვოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუნეტის დედანი.

სარჩელის ფასის სარჩელში მიუთითებლობის შედეგი:  სარჩელის რეგისტრაციაზე  უარის თქმის ფორმალური საფუძველი. 

სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნის წარმოუდგენლობის შედეგი: 

♦  სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის ფორმალური საფუძველი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შუამდგომლობის გრაფაში მითითებულია შუამდგომლობა მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების თაობაზე;

♦  თუ არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან  5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს.

6. წარმომადგენლის უფლებამოსილება

♦  სარჩელი არ აკმაყოფილებს შინაარსობრივი დასაშვებობის პირობებს და მოსამართლე არ მიიღებს მას თუ: სარჩელი წარდგენილია პირის მიერ, რომელსაც არ გააჩნია წარმომადგენლის უფლებამოსილება.

მოქალაქეს შეუძლია სასამართლოში საქმე აწარმოოს: 

♦  პირადად; 

♦  მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლიათ ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სტატუსი დგინდება მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების შესაბამისად; 

♦  წარმომადგენლის მეშვეობით. 

♦  სასამართლოში სარჩელი შეიძლება წარადგინოს როგორც თავად მოსარჩელემ, ისე მისმა წარმომადგენელმა.

თუ სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის – ფიზიკური პირის წარმომადგენლის ხელმოწერით, სარჩელს უნდა ერთვოდეს მინდობილობა, რომელიც დამოწმებულია:

♦  სანოტარო წესით;

♦  ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მუშაობს ან სწავლობს მარწმუნებელი;

♦  სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება;

♦  შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობას სამხედრო მოსამსახურე გასცემს;

♦  პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირის მიერ გაცემულ მინდობილობას დაამოწმებს შესაბამისი პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია;

თუ სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის – იურიდიული პირის წარმომადგენლის ხელმოწერით, სარჩელს უნდა ერთვოდეს მინდობილობა, რომელიც დამოწმებულია:

♦  სანოტარო წესით;

♦  ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით. 

თუ სარჩელს ხელს აწერს წარმომადგენელი, მასზე გაცემული მინდობილობა პირდაპირ უნდა ითვალისწინებდეს სარჩელის აღძვრის უფლების მინიჭებას; 

♦  მინდობილობა უნდა იყოს ძალაში სარჩელის წარდგენის დროისათვის. 

♦  ქმედუუნარო მოქალაქის, აგრეთვე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქის უფლებებისა და კანონით დაცულ ინტერესების დაცვისას მშობლებმა, მშვილებლებმა, მეურვეებმა, მზრუნველებმა, სასამართლოს უნდა წარუდგინონ თავიანთი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტები.

7. იურიდიული ინტერესი

სარჩელი არ აკმაყოფილებს შინაარსობრივი დასაშვებობის პირობებს და მოსამართლე არ მიიღებს მას თუ: არ არის მითითებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი;

სარჩელი შეიძლება იყოს აღიარებითი სახის, ანუ შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს;

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email