სარჩელის ფორმალური მოთხოვნები
სასამართლოში სარჩელის შეტანისას, პირველი ნაბიჯია, მისი სასამართლოს კანცელარიაში წარდგენა, რეგისტრაციისთვის.
სასამართლოს კანცელარია ამოწმებს სარჩელის შესაბამისობას ფორმალური მოთხოვნების მიმართ და იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის რეგისტრაციისა ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
თუ ფორმალური მოთხოვნები დაცულია, სარჩელი რეგისტრირდება და გადაეცემა სასამართოს, რომელიც ამოწმებს სარჩელის შინაარსობრივ მოთხოვნებს და იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოებაში მიღების/ ან არ მიღების შესახებ.
როგორია სარჩელის ფორმალური მოთხოვნები?
♦ სარჩელი უნდა იყოს შედგენილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით.
♦სარჩელი, თანდართული დოკუმენტები და მოპასუხისათვის გადასაცემი ეგზემპლარები უნდა იყოს წაკითხვადი.
♦ სარჩელში მითითებული უნდა იყოს სასამართლოს დასახელება, სადაც შედის სარჩელი.
♦მოსარჩელის, მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის, წარმომადგენლის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი).
♦ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომრის მითითება სავალდებულოა.
♦ სარჩელში მითითებული უნდა იყოს დავის საგანი, მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფასი. თუ დავა არაქონებრივი ხასიათისაა, შესაბამის გრაფაში უნდა მიეთითოს აღნიშნულის თაობაზე.
– სარჩელს თან უნდა ერთვოდეს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
♦ ბაჟის ქვითარი წარწერით – ასლი დედანთან სწორია, არ ითვლება სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად.
თუ სახელმწიფო ბაჟი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ზუსტადაა განსაზღვრული ანუ ფიქსირებულია, სარჩელს უნდა ერთვოდეს:
♦ აღნიშნული რაოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ სახელმწიფო ბაჟი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ზუსტად არაა განსაზღვრული, სარჩელს უნდა ერთვოდეს:
♦ მინიმალური სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მაინც.
♦ თუ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის ნაწილი და მოსარჩელე შუამდგომლობს დანარჩენი ნაწილის გადავადებაზე, მაშინ სარჩელი ექვემდებარება რეგისტრაციას.
სასამართლოს კანცელარიაში წარმოდგენილი უნდა იყოს:
♦ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.
♦ სარჩელზე თანდართულ დოკუმენტების ნუსხაში აღნიშნული ყველა დოკუმენტი, გვერდების რაოდენობის მითითებით.
♦ წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს.
თუ სარჩელი შეაქვს მეწარმე სუბიექტის დირექტორს, სარჩელს უნდა ერთვოდეს:
♦ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს დირექტორის უფლებამოსილებას.
თუ სარჩელი შეაქვს მეწარმე სუბიექტის სახელით წარმომადგენელს (ადვოკატს), სარჩელს უნდა ერთვოდეს:
♦ დირექტორის მიერ გაცემული და მეწარმე სუბიექტის ბეჭდით ან/და ფაქსიმილეთი დამოწმებული მინდობილობა წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში დირექტორის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არაა სავალდებულო.
თუ სარჩელი ხელმოწერილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის მიერ, მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არაა სავალდებულო.
♦ სარჩელში მითითებული უნდა იყოს მოსარჩელის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.
♦ სარჩელი უნდა იყოს ხელმოწერა
♦ სარჩელში სარჩელის შემტანი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა გარკვევით უნდა იკითხებოდეს.
შენიშვნა: სასამართლოს კანცელარიაში სარჩელი შესაძლებელია ჩააბაროს მოსარჩელის ახლობელმა, თუმცა სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.