სად განიხილება სამოქალაქო სარჩელი?
წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ სასამართლო განსჯადობის საკითხებს, კერძოდ სად განიხილება, სხვადასხვა კერძო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ.
სასამართლოები განიხილავენ დავებს, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.
სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ. ამასთანავე, მხარეებს არ ერთმევათ უფლება, გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა.
პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება განსახილველად გადაეცეს არბიტრაჟს.
რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სამოქალაქო საქმეებს.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მაგისტრატი მოსამართლე
ვინ არიან მაგისტრატი მოსამართლეები?
მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:
ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს;
ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს. გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 2000 ლარს;
გ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;
იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, აგრეთვე მისი არყოფნის შემთხვევაში, მასზე დაქვემდებარებული საქმეები შეიძლება განიხილოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლემ.
თუ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა, რომელთაგან ერთ-ერთი არ განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს, საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლე.
რა არის საერთო განსჯადობა?
საერთო განსჯადობა სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
(მისი მისამართის) არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი).
თუ მოპასუხის რეგისტრაციის ადგილი არაა ცნობილი, მაშინ სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოსში მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.
განსაკუთრებული განსჯადობა
სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. (გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 362-ე და 386-ე მუხლები)
სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით.
სარჩელები კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სასამართლოს წარედგინება მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თუ მამკვიდრებელი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ გარდაცვალების მომენტისათვის იგი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სასამართლოში სარჩელი შეიძლება აღიძრას საქართველოში მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის ან სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.
განსჯადობის წესები
სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.
მაგ: როცა დავა ეხება უძრავ ქონებას, მაშინ პირი უფლებამოსილია შეიტანოს საერთო განსჯადობის მიხედვით სარჩელი, ან ნივთობრივი განსჯადობის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული განსჯადობის დროს ასეთი უფლება არ გააჩნია მოსარჩელეს.
მაგ: მას არ შეუძლია საერთო განსჯადობის მიხედვით სარჩელს შეტანა, თუ განსაკუთრებით განსჯადობის მიხედვით არის შესატანი სარჩელი (მაგ: ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავიდან).
გარდა განსაკუთრებული განსჯადობისა, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების გზით დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა. შეთანხმება ფორმდება წერილობით.
არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, ამასთან, თუ მოპასუხე წარმოდგენილი იქნება ადვოკატით ან მიეცემა განმარტება სასამართლოს არაგანსჯადობისა და მისი შედეგების, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მას უფლება აქვს წამოაყენოს შესაგებელი არაგანსჯადობის წინააღმდეგ.
სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ასეთი განმარტების მიცემის შესახებ უნდა აღინიშნოს სასამართლო ოქმში. სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.
მაგ: მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი არ იყო ცნობილი და შემდგომში გახდა ცნობილი. სასამართლო საქმეს განსახილველად სხვა სასამართლოს გადასცემს, თუ:
ა) მოპასუხე, რომლის საცხოვრებელი ადგილიც წინად არ იყო ცნობილი, მოითხოვს, რომ საქმე გადაეცეს სასამართლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ბ) ერთი ან რამდენიმე მოსამართლის აცილების გამო ამავე სასამართლოში შეუძლებელია მათი შეცვლა.
საქმის სხვა სასამართლოში გადაცემის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც არ გასაჩივრდება. ერთი სასამართლოდან მეორეში გადაგზავნილ საქმეს წარმოებაში განსახილველად იღებს ის სასამართლო, რომელსაც იგი გადაეგზავნა. დავა სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ არ დაიშვება.
ასევე იხილეთ: