რა არის სამკვიდრო მოწმობა?
მემკვიდრეებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობის მიღება.
სამკვიდრო მოწმობის აღება სავალდებულოა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მაგ: მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას ვერ დაირეგისტრირებს მემკვიდრე სამკვიდრო მოწმობის გარეშე).
როგორია სამკვიდრო მოწმობის ფორმა და შინაარსი?
სამკვიდრო მოწმობა უნდა შედგეს საჯარო სანოტარო აქტის სახით. დასაშვებია რამდენიმე სამკვიდრო მოწმობის გაცემა იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო სამკვიდრო მოწმობა უნდა გაიცეს მემკვიდრის მიერ იმ ქონების მიღების შესახებ, რომელიც არ იყო შეტანილი ადრე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას (უძრავი ქონება, წილები/აქციები სამეწარმეო საზოგადოებებში, ავტოტრანსპორტი და სხვა).
იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროში შედის რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონება/უფლებები, სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს ამ ქონების მახასიათებლები და დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება ამ ქონების უფლებრივი მდგომარეობა (სამკვიდრო მასაში არსებობის ფაქტი და სხვა გარემოებები).
სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს, სამკვიდრო მასის რა ნაწილი (მთლიანად, თუ მისი ნაწილი) მიიღო მემკვიდრემ. თუკი მემკვიდრე რამდენიმეა, უნდა მიეთითოს თითოეულმა მათგანმა სამკვიდრო მასის რა ნაწილი მიიღო მემკვიდრეობით.
აღნიშნული წესი მოქმედებს ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, სამკვიდრო მოწმობა გაიცა თუ არა კონკრეტული ქონების მიღების დასტურად.
სამკვიდრო მოწმობის გაცემა რამდენიმე მემკვიდრისთვის
თუ სამკვიდროს მიღების დასტურად სანოტარო ბიუროში განცხადება წარდგენილი აქვს რამდენიმე მემკვიდრეს, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება მიეცეს ერთ-ერთ მათგანს მის კუთვნილ წილზე ან ყველა მემკვიდრეს სამკვიდრო მოწმობაში თითოეული მათგანის წილის მითითებით.
მაგ: როდესაც ორი პირველი რიგის მემკვიდრეა და ორი ანდერძით მემკვიდრე, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო თანაბარი წილით. ამ შემთხვევაში შესაძლოა ყველას თავისი წილის მიხედვით მიეცეს სამკვიდრო მოწმობა, ან ერთი სამკვიდრო მოწმობა გაიცეს და მიეთითოს თითოეული მემკვიდრის წილი.
იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მემკვიდრისათვის მიცემულ სამკვიდრო მოწმობაში მიეთითა ყველა მემკვიდრე და მათი წილები, სხვა მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა ადრე გაცემული სამკვიდრო მოწმობის დამოწმებული ასლი.
სამკვიდროს მოწმობის გაცემის ვადები
სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან. (პრაქტიკაში იშვიათად გასცემენ ექვსი თვის გასვლამდე)
მემკვიდრემ, რომელსაც კანონით დადგენილ ვადაში არ მიუღია სამკვიდრო, შეიძლება მიიღოს სამკვიდრო და მიეცეს სამკვიდრო მოწმობა ყველა იმ მემკვიდრის თანხმობით, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს კანონით დადგენილი წესით (განცხადების წარდგენა, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება). თანხმობა შეიძლება გაცხადებულ იქნეს საჯარო ან კერძო აქტის ფორმით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე ან გაცემის შემდეგ.
სამკვიდროს მოწმობის გაცემა შინაურული ანდერძის საფუძველზე
სამკვიდრო მოწმობის გაცემა შინაურული ანდერძის საფუძველზე თუ სამკვიდრო მოწმობა უნდა გაიცეს შინაურული ანდერძის საფუძველზე, ნოტარიუსი ვალდებულია მოსთხოვოს მხარეს ექსპერტის დასკვნა ხელნაწერის გარდაცვლილისადმი კუთვნილების შესახებ.
სხვა მემკვიდრეების უფლების დაცვის უზრუნველყოფა
სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფა სამკვიდრო მოწმობის გაცემისას თუკი სამკვიდროს მიმღები აცხადებს, რომ არსებობს იგივე რიგის სხვა მემკვიდრეც, რომელსაც ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული აქვს სამკვიდრო და რომელსაც არ აქვს განცხადება წარდგენილი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ბიუროში ან სამკვიდროს მიმღები მოითხოვს სამკვიდრო მასის ნაწილის დატოვებას ამ მემკვიდრის სასარგებლოდ, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას არ გასცემს სამკვიდრო მასის იმ ნაწილზე, რომელიც ეკუთვნის მემკვიდრეს, რომელსაც არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით.
მემკვიდრეობითი სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის მემკვიდრეობითი სამართლის ფორუმზე.