მემკვიდრის სავალდებულო წილი
სავალდებულო წილი წარმოადგენს სამკვიდროს იმ ნაწილის ნახევარს, რომელიც ერგებოდა მამკვიდრებლის შვილებს, მეუღლეს ან მშობლებს, იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებდა ანდერძი და სამკვიდროს განაწილება მოხდებოდა კანონით მემკვიდრეებზე.
მაგ: გარდაიცვალა პირი და მას დარჩა ერთი პირველი რიგის მემკვიდრე- შვილი, ხოლო სამკვიდროს მოცულობამ შეადგინა 1000 ლარი. ამასთან, მთლიანი მემკვიდრეობა ეანდერძა გარდაცვლილის ნათესავს. ამ შემთხვევაში შვილი უფლებამოსილია მოითხოვოს იმის ნახევარი, რაც მას ერგებოდა, რომ არ ყოფილიყო აღნიშნული ანდერძი. გამოდის, რომ ვინაიდან იგი მიიღებდა 1000 ლარს ანდერძის არ არსებობის შემთხვევაში, სავალდებულო წილის სახით მას მოცემულ შემთხვევაში ერგება ამ თანხის ნახევარი- 500 ლარი.
მაგ: წარმოვიდგინოთ იგივე სიტუაცია, იმ განსხვავებით, რომ მამკვიდრებელს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე- ორი შვილი. ასეთ შემთხვევაში ანდერძის არ არსებობს ვითარებაში, ორივე მიიღებდა 500-500 ლარს, აქედან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა ანდერძი, რომლითაც მთლიანი სამკვიდრო- 1000 ლარი რჩება სხვა პირს, ისინი უფლებამოსილნი არიან მიიღონ სავალდებულო წილის სახით 250 ლარი თითოეულმა.
სავალდებულო წილის მიღების უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ხოლო თუ სამკვიდროს გახსნის შემდეგ გარდაიცვლება სავალდებულო წილის მიღებაზე უფლებამოსილი პირი, ისე რომ სავალდებულო წილის მიღებას ვერ მოასწრებს, მაშინ აღნიშნული უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე.
მაგ: გარდაიცვალა “A” და დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე- “B” და „C”, რომელთაგან “B” გარდაიცვალა ისე, რომ ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება, ასეთ შემთხვევაში მისი მემკვიდრეები უფლებამოსინი არიან მიიღონ სავალდებულო წილი.
ეს უფლება მათ ერთმევათ მხოლოდ სასამართლოს მიერ მათი უღირს მემკვიდრედ გამოცხადების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ მოანდერძესაც კი, არ შეუძლია სავალდებულო წილის ჩამორთმევა ანდერძის მეშვეობით.
სავალდებულო წილის ოდენობა დამოკიდებულია მასზე უფლებამოსილ მემკვიდრეთა რიცხვზე, რაც განისაზღვრება, სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის:
1) უნდა გამოვლინდეს ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად ანდერძის არარსებობის შემთხვევაში.
2) უნდა განისაზღვროს მთელი სამკვიდროს ღირებულება და გაიყოს კანონით მემკვიდრეთა რიცხვზე. მიღებული სიდიდის ნახევარი იქნება სავალდებულო წილი.
მაგ: თუ მემკვიდრეები არიან მეუღლე და ორი შვილი, ხოლო სამკვიდრო არის 600 ლარი, ხოლო ანდერძით სამკვიდრო დარჩა სხვა პირს. ანდერძი, რომ არ ყოფილიყო თითეული მიიღებდა 200 ლარს, როგორც პირველი რიგის კანონით მემკვიდრეები, ახლა კი ვინაიდან ანდერძი გვაქვს,რომლითაც სხვა პირს რჩება მთლიანი სამკვიდრო, ისინი მხოლოდ 100 მიიღებენ სავალდებულო წილის სახით.
თუ მემკვიდრემ სავალდებულო წილის სახით, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გადასცა სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონეს რაიმე ქონება, მაშინ ეს ქონება ჩაითვლება სავალდებულო წილის ანგარიშში. (დათქმა, რომ სავალდებულო წილს მიეკუთვნება არის სავალდებულო).
მაგ: ლაშა გარიდაიცვალა და მისი სამკვიდროს მოცულობამ შეადგინა 50.000 დოლარი. მან მთელი სამკვიდრო დაუტოვა ანდერძით დეიდას. ამავოდრულად მას დარჩა 2 პირველი რიგის მემკვიდრე, რომლებსაც სავალდებულო წილის სახით ეკუთვნის თითოეულს 25.000/2= 12.500 დოლარი.
ამავდროულად მამკვიდრებელმა, თავის სიცოცხლეში, ერთ-ერთ შვილს გადასცა 5.000 დოლარის ღირებულების მანქანა და დაუბარა, რომ აღნიშნული მანქანა მას გადაეცა, როგორც მის მემკვიდრეს. ასეთ ვითარებაში იმ შვილს, რომელსაც მანქანა გადაეცა ერგება სავალდებულო წილის სახით – 12.500-5000= 7.500 დოლარი.
თუ ანდერძით გათვალისწინებული ქონების გარდა, სხვა ქონებაც არის სამკვიდროში, მაშინ სავალდებულო წილი ჯერ იმ ქონებიდან უნდა გამოიყოს, თუ იგი საკმარისი არ არის , მხოლოდ მაშინ საანდერძო ქონებიდანაც.
მაგ: სამკვიდრო მოიცავს 1200 ლარის ქონებას, ხოლო ანდერძით გათვალისწინებულია 800 ლარი. ასეთ ვითარებაში, თუ სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება აქვთ ორ პირს, მაშინ, ანდერძის გარეთ დარჩენილი 400 ლარი ვერ დააკმაყოფილებს სავალდებულო წილს და დარჩენილი 200 ლარი უნდა იქნეს აღებული ანდერძით გათვალისწინებული ქონებიდან.
თუ მამკვიდრებელმა გარდაცვალებამდე 10 წლის მანძილზე გააჩუქა რაიმე ქონება, ამ ქონების გათვალისწინება მოხდება სავალდებულო წილის გამოთვლისას.
გაჩუქებული ნივთის სამკვიდროში გათვალისწინება იმას ნიშნავს, რომ ამ ნივთის ღირებულება გათვალისწინებული იქნება სავალდებულო წილის განსაზღვრის დროს და არა ამ ნივთის უკან დაბრუნება და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.
მაგ: თუ მამკვიდრებელმა სიცოცხლეში ვინმეს აჩუქა ნივთი, რომლის ღირებულება სამასი ლარია, სამკვიდროს ღირებულება კი ექვსას ლარს შეადგენს, სავალდებულო წილი განსაზღვრული უნდა იქნეს არა ექვსასი, არამედ ცხრაასი ლარიდან(სამკვიდროს ღირებულებას ემატება გაჩუქებული ქონების ღირებულება). თუ აღნიშნული მონაცემებისას სამი კანონით მემკვიდრეა, ანდერძის არარსებობისას მათი წილი იქნება ორასი ლარი, ხოლო სავალდებულო წილი კი – ასი ლარი. ხოლო გაჩუქებული ნივთის ღირებულების გათვალისწინებისას მათი წილი იქნება 300 ლარი, ხოლო სავალდებულო წილი – 150 ლარი.
ზოგადად მემკვიდრეს უფლება აქვს უარი თქვას თავის წილზე სამკვიდროდან სხვა მემკვიდრეების სასარგებლოდ. სავალდებულო წილზე უფლებამოსილ მემკვიდრეს, სხვა თანამემკვიდრის სასარგებლოდ უარის თქმის უფლება არ აქვს.
მაგ: თუ მამკვიდრებელმა, რომელსაც ყავს მეუღლე და შვილი, ქონება სხვას უანდერძა, მეუღლეს არ შეუძლია უარი თქვას თავისი სავალდებულო წილის მიღებაზე შვილის სასარგებლოდ.
სამკივდროს ის ნაწილი, რომელზედაც უარი თქვა სავალდებულო წილზე უფლებამოსილმა მემკვიდრემ, გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე და მათ შორის თანაბრად განაწილდება.