საგადასახადო ხანდაზმულობის ვადები

5495d1dad1dcf

საგადასახადო ხანდაზმულობის ვადები

წინამდებარე ნაშრომში მიმოვიხილავთ საგადასახადო ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ზოგადი წესის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის, გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

აღნიშნული ვადა აითვლება იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომელშიც წარმოიშვა საგადასახადო ვალდებულება.

საგადასახადო სანქციების ხანდაზმულობის ვადაც 3 წელია, რაც აითვლება იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომელშიც განხორციელდა საგადასახადო სამართალდარღვევა, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას. ასეთ შემთხვევაში ხანდაზმულობა აითვლება იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომელშიც წარმოიშვა ეს საგადასახადო ვალდებულება.

მაგ: „A”-მ ჩაიდინა საგადასახადო სამართალდარღვევა 2016 წელს. მისი გამოვლენა და დაჯარიმება შესაძლებელი 2020 წლამდე, ხოლო თუ აღნიშნული სამართალდარღვევა მართალია ჩადენილია 2016 წელს, მაგრამ უკავშირდება 2017 წლის საგადასახადო ვალდებულების გამოთვლას, მაშინ მისი ხანდაზმულობა 2021 წლამდე იქნება შესაძლებელი.

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაც ასევე 3 წელი, რომელიც აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

მაგ: 2016 კალენდარული წლის საგადასახადო შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ 2020 წლის 1 იანვრამდე.

საგადასახადო ხანდაზმულობასთან დაკავშირებული აღნიშნული რეგულაციები მოქმედებს, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო კოდექსის სპეციალური ნორმით სხვა რამე არ არის დადგენილი.

ასეთი სპეციალური რეგულაციები მოცემული საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 62-ე ნაწილში, რომლის მიხედვითაც სხვაგვარად განისაზღვრება ხანდაზმულობის ვადები შემდეგი პერიოდებისათვის:

ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი;

ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი.

საგადასახადო სანქციისა და საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადები შეიძლება გაგრძელდეს 1 წლით, თუ მათი ხანდაზმულობის ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

ამასთან, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

საგადასახადო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ კომპანია BLH_ის საგადასახადო სამართლის ფორუმზე.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email