პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც საგადასახადო ორგანოებს ფიზიკური თუ იურიდიული პირების საბანკო კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების უფლებას ანიჭებს.
ეს ერთ-ერთია იმ სიახლეთა შორის, რაც “საგადასახადო კოდექსში” უნდა აისახოს. საგადასახდო კანონმდებლობის გარდა, ცვლილებების შეტანა იგეგმება “ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში” და “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონში.
მთავრობის საკანონმდებლო პაკეტზე დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე იმსჯელებენ.
მოქმედი კანონმდებლობა საგადასახადო ორგანოს მიერ საბანკო დაწესებულებიდან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან პირის კონფიდენციალური ინფორმაციის (ანგარიშები, ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციები, ანგარიშებზე არსებული ნაშთები და ა.შ.) მოპოვებას არ ითვალისწინებს.
არსებული კანონმდებლობით, საგადასახადო ორგანოს მსგავსი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ პროკურატურაში გადასახადის გადამხდელზე საქმის აღძვრის და სასამართლო ნებართვის მოპოვების შემდეგ შეუძლია.
ცვლილებების მიხედვით კი, საგადასახადო ორგანოს უფლება ენიჭება, საკუთარი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად და ასევე უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემდეგ ბანკიდან პირის კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს. ეს თავის მხრივ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს.
პროექტით, “ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში” საგადასახადო ორგანოს მიერ საბანკო საიდუმლოების მიღების ორი მექანიზმია შემოთავაზებული: ანგარიშის მფლობელი ინფორმირებულია სასამართლო პროცესის შესახებ და ჩართულია სასამართლო პროცესში.
არის კიდევ ერთი მექანიზმი, რომლის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესი პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, ანგარიშის მფლობელის ინფორმირების და სასამართლო პროცესში მისი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. პირს არც სასამართლო პროცესის შემდეგ ეცნობება სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ და არ აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას არასამთავრობო სექტორი აკრიტიკებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ანალიზი და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საგადასახადო კოდექსის ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით.
კერძოდ, ცვლილებების იმ ნაწილზე, რომლითაც საგადასახდო ორგანოს ეძლევა უფლება კომერციული ბანკებისგან სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია.
არასამთავრობო სექტორს ფინანსთა სამინისტრო პასუხობს – ფინანსთა სამინისტროს აზრით, ანალიზი, რომელსაც ეყრდნობა რეკომენდაციები შეიცავს მთელ რიგ არსებითი ხასიათის შეცდომებს:
” წერილში რამდენჯერმე არის აღნიშნული, რომ თითქოს ცვლილებების პროექტის მიხედვით კომერციული ბანკებიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლება ენიჭება საგამოძიებო ორგანოს. რეალურად კი, კანონპროექტის მიხედვით კომერციული ბანკებიდან ინფორმაციის მიღების უფლება ენიჭება საგადასახადო ორგანოს და ამასთან მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს წარმოადგენს შემოსავლების სამსახური ან მის შემადგენლობაში შემავალი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეული. შემოსავლების სამსახური არ წარმოადგენს საგამოძიებო ორგანოს და არც საგადასახადო კოდექსი ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საგამოძიებო ორგანოს საპროცესო უფლებებს.
შესაბამისად, მცდარია მოსაზრება თითქოს კანონპროექტის მიხედვით საგამოძიებო ორგანოებს ენიჭებათ რაიმე დამატებითი უფლებები.
- კანონპროექტის მიხედვით საგადასახადო ორგანო კომერციული ბანკებიდან ინფორმაციას გამოითხოვს, როგორც გადასახადის ადმინისტრირების, ისე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მომართვის საფუძველზე;
პროექტის მიხედვით, სასამართლოს მიერ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა მხარის მონაწილეობის გარეშე განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.
ცნობილია, რომ საქართველო 2011 წლიდან არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრი, რომელიც ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას საგადასახადო საკითხებში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.
საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, საგადასახადო ინფორმაციის გაცვლისათვის, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს უნდა გააჩნდეს ნებისმიერი პირისა თუ ორგანოსგან, მათ შორის ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტებისგან, შეთანხმების პარტნიორი სახელმწიფოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, საჭირო ინფორმაციის მიღების უფლება.
საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, რომელსაც აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა კანონმდებლობასთან მიმართებაში, უფლებამოსილ ორგანოს შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს შეუფერხებლად, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, აღნიშნულ შემთხვევაშიც კი, ინფორმაციის გამოთხოვა მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება გადასახადის ადმინისტრირების მიზნებისათვის ინფორმაციის გამოთხოვას, საგადასახადო ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საბანკო დაწესებულებისგან კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთხელ მაინც უკვე მიმართა, მან კი, არ წარუდგინა ეს ინფორმაცია დადგენილ ვადაში.
ასეთ შემთხვევაშიც, მხარეს აქვს ყველა საპროცესო უფლება – იგი ინფორმირებულია, მონაწილეობს განხილვაში და აქვს გასაჩივრების უფლება.
შესაბამისად, არასწორია მოსაზრება იმის შესახებ რომ კანოპროექტში არ არის გათვალისწინებული მხარეთა საპროცესო უფლებები.
- კანონპროქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოში კომერციული ბანკებისგან მიღებული ინფორმაცია მისი მიღებისთანავე ხდება საიდუმლო და არ გადაეცემა იმ პირებსაც კი, ვისაც კანონმდებლობის მიხედვით შესაძლებელია გადაეცეს საგადასახადო საიდუმლოების შემცველი სხვა დოკუმენტები.
შესაბამისად, გაუგებარია რას ეყრდნობა წერილის ავტორის მოსაზრება, რომ თითქოს საფრთხის ქვეშ დგება პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცულობა.
- კანონპროექტის მიხედვით (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი), მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით საბანკო დაწესებულების ან სხვა ფინანასური ინსტიტუტისგან ინფორმაცია გამოითხოვოს გადასახადების ადმინისტრირების მიზნით, ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე, ამასთან, ადმინისტრირების მიზნებისათვის ინფორმაციის გამოთხოვისას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს, ერთხელ მაინც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე და პირმა ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.
ამდენად, გაუგებარია და მცდარია დაასკვნა, რომ საგადასახადო ორგანოს ეძლევა შეუზღუდავი დისკრეცია პირის კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების პროცესში და ის არ არის ვალდებული მიუთითოს, თუ რისთვის ესაჭიროება მოთხოვნილი ინფორმაცია.
- კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში ზუსტად უნდა იყოს აღწერილი მოთხოვნილი ინფორმაციის არსი, ამასთან, აუცილებლად უნდა მიეთითოს რა ფორმით და ვადაში სურს საგადასახადო ორგანოს ინფორმაციის მიღება;
შესაბამისად, სრულიად დაუსაბუთებელია მოსაზრება, რომ თითქოს, ამ კანონპროექტის შედეგად ჩნდება საბანკო საიდუმლოებაზე უვადო კონტროლის საფრთხე”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
წყარო: commersant.ge
[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]