საბაჟო გადასახადი უქმდება ევროპულ მანქანებზე

maxresdefault

საბაჟო გადასახადი უქმდება 

ევროპულ მანქანებზე საბაჟო გადასახადი პირველი სექტემბრიდან გაუქმდა„ეს  დადებითად აისახება პროდუქციის თვითღირებულებასა და მის გასაყიდ ფასზე, რაც ჩვენი კლიენტებისა და ქვეყნის  ეკონომიკისთვის ძალიან  კარგი იქნება“.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს გარდა კიდევ 4-მა ქვეყანამ – ლიტვამ, ლატვიამ, ბულგარეთმა და რუმინეთმა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრ 24 სახელმწიფოს ჯერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება არ მოუხდენია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)  პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა.

ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გაბუნია ამბობს, რომ ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი ევროკომისიის ძალისხმევით წინასწარ ამოქმედდა:

„ეკონომიკური ნაწილი, წინასწარ შევიდა ძალაში, მას არ სჭირდებოდა ყველა ქვეყნის პარლამენტის მიერ რატიფიცირება. ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები არის ევროკომისიის კომპეტენცია და შესაბამისად მას არ სჭირდება წევრი ქვეყნებისგან მანდატის მიღება.  ვეროკომისიის გადაწყვეტილება იყო DCFTA -ს ამოქმედება“.

ავტომობილები იმ ჩამონათვალშია, რომელიც DCFTA -ს  ამოქმედების მომენტიდან  საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდა. იმპორტული მსუბუქი ავტომობილების გადასახადი ორი ნაწილისგან შედგება: აქციზის გადასახადისა და საბაჟო მოსაკრებელისგან.  ავტომანქანების შემთხვევაში, პირველი სექტემბრიდან გაუქმებულია მხოლოდ საბაჟო გადასახადი.

საბაჟო გადასახადისგან რომ გათავისუფლდეს, ამისთვის იმპორტულ ავტომანქანას წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს:

„ავტომობილის იმპორტი საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება  წარმოშობის დამადასტურებელი სერთიფიკატი EUR.1, ოღონდ ეს ეხება მხოლოდ საბაჟო გადასახადს. აქციზის გადასახადი ჩვეულებრივად რჩება. მის გაუქმებას ასოცირების შეთანხმება არ ითვალისწინებს“, –  ამბობს მარიამ გაბუნია.

შპს „ომეგა მოტორსი“  BMW-სა და MINI-ს  მარკის ავტომობილების  დილერია საქართველოში. „ომეგა მოტორსის“ საბაჟო წარმომადგენელი ლია გეგეშიძე ამბობს, რომ მისი კომპანია საბაჟო გადასახადის გაუქმების დღიდან საქმის კურსშია და ევროპელი მომწოდებლებისგან უკვე EUR.1 სერტიფიკატს ითხოვენ:

„ჩვენ ამ დროის განმავლობაში მოვახერხეთ, რომ  ევროკავშირის ყველა გამომგზავნი ქვეყანა გაგვეფრთხილებინა, რომ ყველა პროდუქტს, რომელსაც ველოდებით, თან უნდა ახლდეს EUR.1 სერტიფიკატი.  ეს არის წარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც განსაზღვრავს პროდუქციის წარმოშობას. მისი წარმოდგენის შემთხვევაში პროდუქცია თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან. ამ დოკუმენტში შემდეგი სახის ინფორმაციაა თავმოყრილი: გამომგზავნი ფირმა ან  პირი, იმპორტიორი ქვეყანა, საქონლის დასახელება, თუ ავტომანქანაზეა საუბარი, მაშინ მისი მარკა, შასის ნომერი სრულად, რაოდენობა, წონა, იმ  ინვოისის ნომერი, რომლითაც აღნიშნული მანქანა შემოვიდა  იმპორტიორი ქვეყნიდან. EUR.1- ზე  აუცილებლად უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის  სავაჭრო პალატისა და საბაჟოს  ბეჭედი “.

ლია გეგეშიძე ამბობს, რომ საბაჟო გადასახადის გაუქმებამ შესაძლოა, გაყიდვების სტიმულირება კარდინალურად ვერ შეცვალოს, მაგრამ მომხმარებელსა და კომპანიაზე მაინც დადებითად აისახება:

„გაუქმებული საბაჟო მოსაკრებელი შეიძლება იყოს  200, 300, 400 ან 500 ლარი ერთ მანქანაზე, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი  თანხაა. ეს  დადებითად აისახება პროდუქციის თვითღირებულებასა და მის გასაყიდ ფასზე, რაც ჩვენი კლიენტებისა  და  ქვეყნის  ეკონომიკისთვის ძალიან  კარგი იქნება“.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრენდის  – MERCEDES-BENZ-ის  E 320 მოდელის (ძრავის მოცულობა 3.2, გამოშვების წელი 2000) მაგალითი რომ განვიხილოთ, მისი შეძენის მსურველს 1 სექტემბრამდე ამ ავტომობილის განბაჟებისთვის 2512 ლარი უნდა გადაეხადა, საიდანაც 2240 ლარი აქციზის, ხოლო 272 ლარი საბაჟო გადასახადია. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ ქართველი მომხმარებელი 272 ლარით ნაკლებს გადაიხდის. BMW X5-ს  (ძრავის მოცულობა 4.4, გამოშვების წელი 2000) განბაჟების შემთხვევაში  (აქციზის გადასახადი 3080 ლარი  + საბაჟო გადასახადი 374 ლარი) მყიდველი 374 ლარს დაზოგავს. რაც შეეხება ასევე გაყიდვად OPEL ASTRA-ს (ძრავის მოცულობა 1.6, გამოშვების წელი 2000) განბაჟებას (აქციზის გადასახადი 1120 ლარი +  საბაჟო გადასახადი 136 ლარი), დაინტერესებული ადამიანი 136 ლარის ეკონომიას გააკეთებს.

საბაჟო გადასახადის გაუქმება არ შეეხება იმპორტულ სატვირთო ავტომანქანებს. ამ ტიპის ავტომობილების მთლიანი ფასი დამატებითი ღირებულების გადასახადით (18%) იბეგრება, ამიტომ  საბაჟო მოსაკრებლისგან გათავისუფლების შეღავათი სატვირთოებზე არ ვრცელდება.