რას ნიშნავს საბანკო გარანტია?

shutterstock_95658748-300x300

რას წარმოადგენს საბანკო გარანტია?

საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას.

ზოგადად ფულადი ვალდებულება შეიძლება გამომდინარეობდეს სხვადასხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე (მაგ: სესხის ხელშეკრულება, ნასყიდობა, მომსახურების ხელშეკრულება და ა.შ.).

ვინ არიან საბანკო გარანტიის ხელშეკრულების მხარეები?

საბანკო გარანტიის ხელშეკრულება იდება ერთი მხრივ გარანტსა და მეორე მხრივ პრინციპალს შორის, ბენეფიციარის სასარგებლოდ.

გარანტი არის საბანკო გარანტიის გამცემი სპეციალური სუბიექტი: ბანკი, საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია.

პრინციპალი არის საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების მქონე პირი. (მოვალე, მაგ: სესხის ხელშეკრულებისას მსესხებელი).

ბენეფიციარი არის პრინციპალის კრედიტორი, რომელსაც გააჩნია პრინციპალისგან მოთხოვნის უფლება (მაგ: სესხის ხელშეკრულებისას გამსესხებელი).

გარანტი ვალდებულებას იღებს ბენეფიციარს გადაუხადოს ფულადი თანხა, ამ უკანასკნელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

მაგ: ლადომ ისესხა ნიკასგან 10.000 ლარი, ამავდროულად ლადომ სადაზღვეო კომპანია „ალ-ინვესტთან“ დადო საბანკო გარანტიის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ლადოს მიერ სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში გარანტი ვალდებული იყო გადაეხადა ნიკას მოთხოვნისთანავე, სესხის ძირითადი თანხა 10.000 ლარი.

ამდენად, საბანკო გარანტია წარმოადგენს ბენეფიციარის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას, კერძოდ პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის დადებული ხელშეკრულების უზრუნველყოფის ღონიძიებას, რომლის მიზანია ბენეფიციარის ინტერესების დაცვა. მაგ: სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში, გამსესხებლის ინტერესების დაცვა.

როდიდან ითვლება საბანკო გარანტიის ხელშეკრულება დადებულად?

საბანკო გარანტიის ხელშეკრულება დადებულად ითვლება პრინციპალისა და გარანტის მიერ შეთანხმების და საბანკო გარანტიის გაცემის მომენტიდან (ანუ იგი არ საჭიროებს ბენეფიციარის მხრიდან ნების გამოვლენას). ამავდროულად საბანკო გარანტიაში შეიძლება განისაზღვროს გარანტიის მოქმედების ვადის დაწყება და მისი დამთავრება.

საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

მაგ: ზემოთ მოყვანილ მაგალითში, თუ სესხის ხელშეკრულება შეწყდება, თუმცა ნიკა მაინც მოითხოვს გარანტისაგან, საბანკო გარანტიით ვალდებულების შესრულებას, გარანტი ვალდებული იქნება შეასრულოს ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფადაც დაიდო საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, შეწყვეტილია.

აღნიშნული ნორმა წარმოადგენს იმპერატიულ დანაწესს და მისი შეცვლა მხარეებს არ შეუძლიათ ხელშეკრულებით.

ბენეფიციარის მიერ გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის წარდგენის ფორმა:

♦     ბენეფიციარმა უნდა წარუდგინოს გარანტს წერილობითი მოთხოვნა.

♦     დაურთოს გარანტიით გათვალისწინებული დოკუმენტები.

♦     მიუთითოს თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მხრიდან ვალდებულების დარღვევა.

♦     ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.

გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს. მას შეუძლია უარი უთხრას თანხის გადახდაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

♦     მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

♦ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინებიის შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას.

გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება თუ:

♦     იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია;

♦     გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა;

♦     ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა და მათი გარანტისათვის დაბრუნებისას.

გარანტის უფლება, მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, განისაზღვრება პრინციპალთან გარანტის იმ შეთანხმებით, რომლის შესასრულებლადაც გაიცა გარანტია. თუ ასეთი შეთანხმება არ არსებობს, მაშინ გარანტს არ გააჩნია რეგრესის წესით ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის მოთხოვნის უფლება პრინციპილისგან.

გარანტს არა აქვს უფლება მოსთხოვოს პრინციპალს იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ ან ბენეფიციარის მიმართ გარანტის ვალდებულების დარღვევის გამო, თუ პრინციპალთან გარანტის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *