საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება, შესაძლებელია მხოლოდ, მისი გაუქმების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის გზით. ასეთ საქმეებს იხილავენ საქართველოს სააპელაციო სასამართლოები.
სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხოლოდ არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით ამომწურვად ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ:
1. საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები (მხარდაჭერის მიღების გარეშე დაიდო შეთანხმება) ან კანონმდებლობის მიხედვით საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია/ძალადაკარგულია;
2.მხარე, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული, არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები;
3.საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. ( გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მოთხოვნის ფარგლებს გადაცილებული საკითხების ნაწილში, თუ მათი გამოცალკევება არის შესაძლებელი).
4.არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – არბიტრაჟის შესახებ კანონის მოთხოვნებს;
5.სასამართლო დაადგენს, რომ: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი ან/და საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა და ვადები
ზემოთ აღნიშნული საფუძვლებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში.
სასამართლო ვალდებულია განიხილოს საჩივარი და გამოიტანოს მოტივირებული გადაწყვეტილება საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება
გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ვადით არა უმეტეს 30 დღისა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.