მოქალაქეებისთვის დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება, 2014 წლის მსგავსად, 2015 წელსაც ძალაშია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1 აპრილიდან მოქალაქეები, რომლებსაც დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებას სურთ, დეკლარაციის შევსებას შეძლებენ. დეკლარაციის შევსება როგორც ინტერნეტის, ასევე საბანკო დაწესებულებების საშუალებითაა შესაძლებელი. საბანკო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეები დეკლარაციას შეავსებენ, ასეთია: სს ბანკი „რესპუბლიკა“; სს „პრივატბანკი“; სს „თიბისი ბანკი“; სს „საქართველოს ბანკი“; სს „ლიბერთი ბანკი“; სს „ბაზისბანკი“; სს „ქართუ ბანკი“; სს „კორსტანდარტ ბანკი“; სს „ბანკი კონსტანტა“; სს „ფინკა ბანკი საქართველო“; სს „ბითიეი ბანკი“; სს „ვითიბი ბანკი“.
1 აპრილიდან, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge განთავსებულ დეკლარაციაში მხოლოდ პირადი ნომრის მითითებით პირს შეუძლია აღმოაჩინოს, სარგებლობს თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და, შესაბამისად, თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებით.
დაუბეგრავი მინიმუმი ვრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომლის მიერ 2014 წელს მიღებული დასაბეგრი ხელფასი არ აღემატებოდა 6000 ლარს. მაგალითად, თუ ფიზიკური პირის მიერ 2014 წელს დარიცხული ხელფასი შეადგენს 6000 ლარს და მან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხა მიიღო 4800 ლარი (6000-6000*20%) უფლებამოსილია ისარგებლოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით.
ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მოქალაქის მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაუბრუნდება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ დეკლარაციის რეგისტაციიდან 3 თვის განმავლობაში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამხაურის უფროსი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ დეკლარაციის შევსება უნდა მოხდეს არაუგვიანეს, 2015 წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებისა. იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქე ვერ ახორციელებს დეკლარირებას, მაგრამ მიიჩნევს, რომ დაუბეგრავი მინიმუმი ეკუთვნის, საკითხის გარკვევის მიზნით, მან უნდა მიმართოს დამქირავებელს. უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებულია შესაბამისი პერიოდის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი შესაბამისი ფორმები დააზუსტოს.
შეგახსნებთ, რომ დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 2015 წლისათვის უკვე აღარ მოხდება.
საგადასახადო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის საგადასახადო სამართლის ფორუმზე.