რეინვესტირებული მოგება 1 ივნისიდან აღარ დაიბეგრება

 

downloadრეინვესტირებული მოგება აღარ დაიბეგრება

2015 წლის 1 ივნისიდან საწარმოების მიერ მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, მოგების გადასახადისგან თავისუფლება.

აღნიშნულს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის მიერ შექმნილი და ინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს.

კანონპროექტში განმარტებულია, რომ მისი მიღების მიზეზი მასტიმულირებელი ბიზნეს გარემოს შექმნისათვის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაა, რაც შესაბამისად ხელს შეუწყობს წარმოების განვითარებას და ინვესტირების წახალისებას.

მის მიზანი კი “საგადასახადო კოდექსის” შესაბამისად საწარმოს სტატუსის მქონე პირების მოგების გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლებაა, მოგების გადასახადის იმ ნაწილში, რომლის რეინვესტირებაც შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში განხორციელდება. ეს კი კანონპროექტის ავტორის განცხადებით, გარკვეულწილად მათ შეღავათიან გარემოს შეუქმნის, ბიზნესს კი განვითრებისა და გაფართოების სტიმულს მისცემს.

“საგადასახადო კოდექსის” მოქმედი რედაქცია სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო სფეროში მოქმედი საწარმოების გათავისუფლებას მოგების გადასახადისაგან უკვე ითვალისწინებს იმ ნაწილში, რომელიც მიმართული იქნება რეინვესტირებაზე. თუმცა, პროექტის მიზანია აღნიშნული შეღავათი გავრცელდეს ყველა სფეროში მოქმედ საწარმოზე.

კანონპროექტის მიღება მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას არ მოითხოვს. ის ასევე არ მოახდენს გავლენას მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე.

ტყემალაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს პოზიტიურ ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტი.

აღსანიშნავია, რომ “საგადასახადო კოდექსის” მოქმედი რედაქციით მოგების გადასახადის დაბეგვრისგან რიგი დაწესებულებები 2010 წლის 31 დეკემბრიდან უკვე განთავისუფლებულია. მათ შორის:

• საბიუჯეტო, საერთაშორისო და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა;

• ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულებები;

• საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება;

• საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება;

• საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური ოპერაციებიდან, მომსახურებიდან და საქართველოს არარეზიდენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება;

• საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება;

• თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული მოგება;

• არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე;

• არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;

რაც შეეხება ახალი მთავრობის მიერ დაწესებულ შეღავათებს, 2013 წლის 1 იანვრიდან მოგების გადასახადისგან განთავისუფლდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.

ასევე, 2013 წლის ზაფხულიდან მოგების გადასახადიდან განთავისუფლდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ მიღებული გრანტები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის შენატანი (პაი); 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება.

იმავე წლის ბოლოდან კი სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და აღნიშნული ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება.

ხოლო, 2014 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მოგების გადასახადისგან განთავისუფლდა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200,000 ლარს.

საგადასახადო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის საგადასახადო სამართლის ფორუმზე.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email