რა არის მივლინება?
მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე.
მაგ: კომპანიის დავალების შესრულება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ან უცხოეთში, რომელიმე ქვეყანაში.
დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღემატება ამ პერიოდს, მაშინ სახეზეა უკვე შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა, რაც საჭიროებს მხარეების ურთიერთშეთანხმებას.
დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები. მივლინების ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს, იგი ჩაითვლება კომპანიის ხარჯებში, ხოლო დასაქმებულისათვის შემოსავლად არ ჩაითვლება და შესაბამისად არ დაიბეგრება ეს უკანასკნელი, თუმცა ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულია გარკვეული ლიმიტები მივლინების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
მაგ: საქართველოს ტერიტორიაზე მივლინების შემთხვევაში სადღეღამისო ხარჯები არ შეიძლება აღემატებოდეს 15 ლარს, ამ თანხაზე მეტი ოდენობით მივლინების ხარჯების ანაზღაურება ჩაითვლება დასაქმებულის შემოსავლად და დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.
შრომითი ხელშეკრულები შესაძლოა განისაზღვროს მივლინებასთან დაკავშირებული რეგულაციების სხვაგვარი მოწესრიგება.
შრომის სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის შრომის სამართლის ფორუმზე.