რა არის თავდებობა?
თავდებობის მეშვეობით, კრედიტორი უფლებამოსილია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არა მხოლოდ მოვალისგან, არამედ მესამე პირის – თავდებისგანაც.
მაგ: A-ს და B-ს შორის დადებულია სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც A-ს გააჩნია B-ს მიმართ ვალი 5 ათასი ლარის ოდენობით. A-ს მეგობარმა C-მ დადო თავდებობის ხელშეკრულება B-სთან და იკისრა A-სთან ერთად სესხით გათვალისწინებული ვალის გადახდა. ამ შემთხვევაში A და B-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად ხელშეკრულებას, რომლიდან გამომდინარე B-ს მოთხოვნა უზრუნველყოფილია B და C-ს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებით.
თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც აგებს თავდები პასუხს ძირითადი ხელშეკრულების მოვალის ვალდებულებისათვის.
მაგ: ზემოთ მოყვანილ მაგალითში, B და C-ს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებაში თუ განისაზღვრა თავდებობის პასუხისმგებლობად 2 ათასი ლარი, მაშინ მხოლოდ ამ თანხის ფარგლებში აგებს პასუხს C, A-ს ვალისათვის. თავდებობა ვრცელდება მხოლოდ იმ ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც დაიდო იგი.
მაგ: თუ A-მ B-ს დაუბრუნა სესხი, რომლის შესახებაც დაიდო B და C-ს თავდებობის ხელშეკრულება და ამის შემდეგ A-მ სხვა სესხი აიღო B-სგან. ასეთ შემთხვევაში C-ს თავდებობა ამ სხვა ვალზე არ გავრცელდება.
მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ე.წ. სოლიდარული და არასოლიდარული თავდებობა. ზოგადი წესის მიხედვით, თავდებისადმი მიმართვა და ძირითადი ხელშეკრულების მოვალის ვალდებულების შესრულების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მოხდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება (სასამართლოს გზით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა). წინააღმდეგ შემთხვევაში თავდებს შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.
თუმცა თუ თავდების ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდებიან, რომ თავდები კისრულობს ვალდებულებას სოლიდარულად/თანაბარმნიშვნელოვნად, მაშინ კრედიტორს ექნება შესაძლებლობა, ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლო ღონისძიებების გატარების გარეშე მოსთხოვოს თავდებს მოვალის ვალდებულების შესრულება. თავდები უფლებამოსილია წარადგინოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებელი.
აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ მაგ: თუ ვთქვათ ზემოთ მოყვანილ მაგალითში A-სა და B-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება დაიდო კანონმდებლობის დარღვევით (მაგ: იძულებით), მაშინ თავდებ C-ს შეუძლია მიუთითოს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობაზე, რაც A-ს უფლებაა, თუმცა C, როგორც თავდები უფლებამოსილია გამოიყენოს ეს უფლება.
თავდების გარდა ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს გირავნობით, იპოთეკით, მოვალის გარანტიით ან სხვა უზრუნველყოფის საშუალებებით. თუ კრედიტორი აღნიშნულ უზრუნველყოფის საშუალებებზე აცხადებს უარს, მაშინ თავდების პასუხისმგებლობა მცირდება იმ მოცულობით რა მოცულობაც გააჩნდა უართქმულ უზრუნველყოფის საშუალებას.
მაგ: თუ A და B-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, გარდა C-ს თავდებობისა, უზრუნველყოფილია D-ს კუთვნილი ავტომობილის გირავნობით და ასეთ შემთხვევაში B უარს აცხადებს გირავნობის უფლებაზე, მაშინ C-ს თავდებობა შემცირდება იმ რაოდენობით, რა ღირებულებაც გააჩნია D-ს ავტომობილს.
თავდები უფლებამოსილია იყოს საქმის კურსში ძირითადი ვალის შესრულების პროცესის შესახებ. კრედიტორი ვალდებულია თავდებს აცნობოს, თუ მოვალე ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილებს. ასევე იგი ვალდებულია მოთხოვონისთანავე მიაწოდოს თავდებს ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაცია.
დროულმა შეტყობინებამ შესაძლებელია თავდების მხრივ ძირითადი ვალდებულების შესრულების პროცესზე დადებითი გავლენა მოახდინოს. ხოლო კრედიტორის მიერ ამ მოვალეობს შეუსრულებლობათავდების პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველი შეიძლება იყოს.
მაგ: თუ კრედიტორმა თავდებს არ შეატყობინა ძირითადი ვალის გადახდის ვადის გადაცილების შესახებ, გადაცილებას კი მოჰყვა პირგასამტეხლოს დარიცხვა, თავდებს ასეთ შემთხვევაში უფლება აქვს უარი თქვას ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული საურავის გადახდაზე.
თავდებობა შეიძლება იყოს ვადიანიც და უვადოც. ვადიანი თავდებობა წყდება ვადის გასვლის მომენტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვადა 5 წელზე მეთი ხნით არის განსაზღვრული. ასეთ შემთვევაში თავდებს შეუძლია მოითხოვოს თავდებობის შეწყვეტა, თუმცა აღნიშნული განხორციელდება მოთხოვნიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. ანალოგიური პროცედურით ხორციელდება უვადო თავდებობის შეწყვეტაც. იმის შემდეგ რაც თავდები დააკმაყოფილების კრედიტორს ნაწილობრივ/ მთლიანად, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ, ასევე უზრუნველყოფის საშუალებებიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მაგ: A-მ ვერ გადაიხადა B-ს მიმართ არსებული სესხი – 5000 ლარი. C-ს არის თავდები, რომლემაც 2000 ლარის ფარგლებში იკისრა A-ს ვალდებულების შესრულება. ამ შემთხვევაში თუ C დააკმაყოფილებს B-ს 2000 ლარის ფარგლებში, მაშინ მას წარმოეშობა ამავე თანხის მოთხოვნის უფლება A-ს მიმართ.