რა არის დივიდენდი?

dividendsრა არის დივიდენდი?

დივიდენდის სამართლებრივი ბუნება

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.

როგორ გაიცემა დივიდენდი?

დივიდენდების გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდების გაცემის შესახებ. დივიდენდის სავალდებულო რეჟიმში მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

მაგ: შპს „სენა“-ს ოთხი პარტნიორი ჰყავს. საწარმოს სუფთა მოგებამ 2013 წელს შეადგინა 100.000 ლარი. პარტნიორთა კრების მიერ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება დივიდენდის გაცემის შესახებ, მიუხედავად ერთ-ერთი პარტნიორის მოთხოვნისა. ასეთ შემთხვევაში ეს უკანასკნელი არ არის უფლებამოსილი მიიღოს დივიდენდი, რადგან დივიდენდის მისაღებად აუცილებელია პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება დივიდენდის გაცემის შესახებ.

ამდენად, დივიდენდების მოთხოვნის უფლება პარტნიორს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ სადავო პერიოდისათვის მოგების განაწილება საზოგადოებაში დივიდენდების გაცემის გზით განხორციელდა.

დივიდენდის მიღების უფლება & დივიდენდის მოთხოვნის უფლება

დივიდენდის მიღების უფლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ერთი მხრივ დივიდენდის მიღების უფლება, რომელიც გულისხმობს ზოგადად პარტნიორის უფლებას მიიღოს დივიდენდი და დივიდენდის მოთხოვნის უფლება, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ სამეურნეო წლის ფარგლებში საწარმოს მოგებიდან დივიდენდის მოთხოვნის უფლებას.

მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ დივიდენდის მიღების უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო დივიდენდის მოთხოვნის უფლება, კონკრეტული წლისათვის, პარტნიორს გააჩნია საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

ამდენად, მართალია ყველა პარტნიორს გააჩნია დივიდენდის მიღების უფლება, მხოლოდ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ისინი წარმოადგენენ საწარმოს პარტნიორებს, თუმცა მათ მხოლოდ მაშინ გააჩნიათ დივიდენდის მოთხოვნის უფლება კონკრეტული სამეურნეო წლის მოგებიდან, თუ პარტნიორთა კრება მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მოგების განაწილების შესახებ.

დივიდენდზე უფლების გადაცემა მესამე პირებისათვის

დივიდენდის მიღების უფლება განუყრელად არის დაკავშირებული პარტნიორად ყოფნასთან და მისი სხვა პირისათვის გადაცემა საწარმოში წილისაგან დამოუკიდებლად არ დაიშვება. ამ უფლების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ წილთან ერთად, ამიტომ წილის დათმობით ამ უფლების დათმობაც ხდებასხვა საკითხია დივიდენდის მოთხოვნის უფლების გადაცემასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში პარტნიორი საზოგადოების კრედიტორს წარმოადგენს და მას, როგორც კრედიტორს, უფლება აქვს თავისი მოთხოვნა დივიდენდზე სხვა პირს დაუთმოს.  

მაგ: „ა“ წარმოადგენს შპს „გამა“-ს პარტნიორს. 2013 წელს შპს „გამა“-მ მიიღო სუფთა მოგება 1 მილიონი ლარის ოდენობით, რაც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით უნდა განაწილებულიყო პარტნიორებს შორს დივიდენდის სახით. ამ შემთხვევაში „ა“-ს გააჩნია დივიდენდის მიღების უფლება და ამ უფლებიდან გამომდინარე გააჩნია 2013 წელს მისაღები დივიდენდის მოთხოვნის უფლება.

2013 წელს მისაღები დივიდენდის მოთხოვნის უფლების წარმოშობის შემდეგ, „ა“ უფლებამოსილია ეს მოთხოვნა სხვას გადასცეს, ისე, რომ წილი არ გაასხვისოს, თუმცა იგი არ იქნება უფლებამოსილი დივიდენდის მიღების უფლება გადასცეს სხვას, წილის გადაცემის გარეშე. 

დივიდენდის მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელ უფლებას წარმოადგენს და წილის გადაცემის შემთხვევაში ავტომატურად არ გადადის წილის მიმღებზე, თუ ეს სპეციალურად არ იქნება აღნიშნული წილის დათმობის ხელშეკრულებაში.

მაგ: ზემოთ მოყვანილ მაგალითში 2013 წლის დივიდენდის მოთხოვნის უფლების წარმოშობის შემდეგ, თუ „ა“ გაასხვისებს თავის წილს და შესაბამისად გასხვისდება დივიდენდის მიღების ზოგადი უფლება, ეს ავტომატურად არ იწვევს 2013 წლის დივიდენდის მოთხოვნის უფლების გადაცემას წილის მყიდველისათვის. ამისათვის საჭირო იქნება წილის განკარგვის ხელშეკრულებაში სპეციალური აღნიშვნის გაკეთება.

დივიდენდის დაბეგვრა

საქართველოს რეზიდენტი საწარმოების მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.

მაგ: „ა“ ფიზიკური პირია, რომელიც შპს „ბ“-ში ფლობს წილს. 2013 წელს შპს „ბ“-მ უნდა გადასცეს „ა“-ს მისი კუთვნილი დივიდენდი 10.000 ლარის ოდენობით. ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია ამ თანხას 5% ჩამოაჭრას და გადარიცხოს ბიუჯეტში, როგორც საშემოსავლო გადასახადი.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების მიერ მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები საწარმოების მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაითვლება.

მაგ: საქართველოში რეგისტრირებული შპს „ა“ წარმოადგენს შპს „ბ“-ს წილების 60%-ის მფლობელს. მის მიერ შპს „ბ“-სგან მიღებული დივიდენდი არ იბეგრება და არც შპს „ა“-ს ერთობლივ შემოსავალში აისახება.

სამეწარმეო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის სამეწარმეო სამართლის ფორუმზე.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email