საჯარო სამსახური და საჯარო მოხელეები
საჯარო სამასახური წარმოადგენს ისეთ საქმიანობას, რომელიც ხორციელდება საბიუჯეტო დაწესებულებებში.
საბიუჯეტო დაწესებულება არის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანაა საჯარო ხელისუფლების განხორციელება.
საჯარო სამსახური ორი სახისაა:
1. სახელმწიფო სამსახური – სახელმწიფო სამსახურად ითვლება შემდეგ სახელმწიფო ორგანოებში მუშაობა: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს იუსტიციის საბჭო, საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა (იხ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 1-ლი მუხლი)
2. სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაში – ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ: საკრებულო; გამგეობა, მერია; მუნიციპალიტეტი. (კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა)
ვინ არიან საჯარო მოსამსახურეები?
საჯარო მოსამსახურე არის პირი, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას საჯარო სამსახურში. (იხ. ზემოთ).
საჯარო მოსამსახურის სახეები:
1. სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის პირი – პოლიტიკური პირი, რომლის არჩევის ან დანიშვნის წესი განისაზღვრება კონსტიტუციით.
მაგ: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, მთავრობის წევრი.
2. მოხელე – ინიშნება ან აირჩევა საჯარო სამსახურში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე.
3. დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე.
4. შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე არამუდმივად მიიღება.