როგორ ხორციელდება პოლიციური გამოსახლება?

პოლიციური გამოსახლებაget_img

პირის მიერ კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, პოლიცია, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე უზრუნველყოფს ამ პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან მისი გამოყენების სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთას.

პოლიციური გამოსახლება არ ხორციელდება, როდესაც სავარაუდო ხელმყოფი წარადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელ წერილობითი დოკუმენტს.

პოლიციის მეშვეობით  უფლებების დაცვა დაინტერესებულ პირს მაშინაც შეუძლია, როცა სასამართლოში მიმდინარეობს დავა იმავე საკითხზე. თუმცა თუ უკვე გამოტანილია სასამართლოს ან არბიგრაჟის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, ან მიმდინარეობს სააღსრულებო პროცედურა, მაშინ პოლიცია არ არის უფლებამოსილია განახორციელოს საპოლიციო ღონისძიებები.

მაგ: ნიკას ბინაში შეიჭრნენ სოციალურად დაუცველი პირები, ნიკამ შეიტანა სასამართლოში სარჩელი, თუმცა ამავდროულად სასამართლო პროცესის განმავლობაში, იგი უფლებამოსილია პარალელურად შეიტანოს პოლიციაში განცხადება და ამ გზითაც დაიცვას თავისი უფლებები. თუმცა იმ მომენტიდან, როცა სასამართო მიიღებს გადაწყვეტილებას, ნიკა ვეღარ მიმართავს პოლიციას.

როდესაც გამოსახლება ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა ხორციელდება ლტოლვითა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, პოლიციური ღონისძიებები უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან შეთანხმებით. აღნიშნული შეთანხმების წერილობითი ფორმით მიღებამდე უნდა შეჩერდეს პროცედურა.

განცხადების წარდგენის წესი

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დაცვა ხორციელდება განცხადების საფუძველზე. მესაკუთრემ განცხადება უნდა წარუდგინოს იმ პოლიციის ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის განთავსებული მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. განცხადებას თან უნდა დაერთოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს განცხადების მიღებას და რეგისტრაციას. სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში გამცხადებელს ეცნობება განცხადების რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.

განცხადების რეგისტრაციდან 10 სამუშაო დღის ვადაში უფლებამოსილი პირი ამოწმებს განცხადების შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან.

თუ განცხადება აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ უფლებამოსილი პირი ვალდებულია მიიღოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ზომები.

საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების გატარების შესახებ უარყოფითი პასუხი განმცხადებელს უნდა ეცნობოს განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.

პოლიციური ღონისძიებები:

უფლებამოსილი პირი წერილობით გაფრთხილებას აძლევს სავარაუდო ხელმყოფს და სთავაზობს მას ნებაყოფილობით შეწყვიტოს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა და გაიტანოს მისი მოძრავი ნივთები.

სავარაუდო ხელმყოფი ვალდებულია გაფრთხილების ჩაბარების შემდეგ შეწყვიტოს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა და გაიტანოს მისი მოძრავი ნივთები. ან წარადგინოს უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობისა ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნული მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში იძულებითი წესით განხორციელდება საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა. ამ მიზნით, უფლებამოსილ პირს შეუძლია გამოიყენოს პოლიციის შესახებ კანონით განსაზღვრული იძულებითი ღონისძიებები.

საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის თარიღი და დრო უნდა ეცნობოს მესაკუთრეს (წარმომადგენელს). მესაკუთრე (წარმომადგენელი) ვალდებულია ადგილზე გამოცხადდეს აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების დღეს.

საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის აღსრულებისთანავე უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერს ქმედუნარიანი ორი დამსწრე (თუ არის). მხარეებს აქვთ თითო დამსწრის დასახელების უფლება. მათ უფლება აქვთ აგრეთვე გაეცნონ ოქმს და მიიღონ მისი ასლი.

უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელმყოფს ან სხვაგვარად ხელშემშლელ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პოლიციის უფლებამოსილი პირის მიერ სავარაუდო ხელმყოფისთვის მიცემული წერილობითი გაფრთხილების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება არ აჩერებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებასა და წერილობითი გაფრთხილების (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) მოქმედებას; (იხ. დეტალურად სტატია)