პოლიციას ჩხრეკისთვის ორდერი აღარ დასჭირდება
გადაუდებელი აუცილებლობის დროს სამართალდამცველებს ჩხრეკის ჩატარება ორდერის გარეშე შეეძლებათ.
ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის.
ცვლილების თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ გახდება. ასეთ დროს საკმარისი იქნება გამომძიებელმა მოქალაქეს ზეპირად განუმარტოს ჩხრეკისა და ნივთმტკიცების ამოღების საფუძვლები.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი გედევან ფოფხაძე განმარტავს, რომ ცვლილებები აუცილებელია, რათა სამართალდამცველებს ოპერატიული ღონისძიებების დროს მუშაობა გაუმარტივდეთ.
„სამართალდამცველმა გამოძიების დროს არ უნდა იფიქროს რაღაც ცნობების შედგენაზე. მან ამ დროს საქმეზე უნდა იფიქროს და საქმე დროულად გახსნას,” – აცხადებს გედევან ფოფხაძე.