ნეტკრედიტი ბოდიშს უხდის აღსრულების ეროვნულ ბიუროს
აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელის გამოყენებისთვის კომპანია „ტვინო”, რომელიც გასცემს ონლაინ სესხებს ვებ-გვერდის www.netcredit.ge საშუალებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს საჯარო ბოდიშს უხდის. ამის შესახებ კომპანია ,,ტვინოს” დირექტორი რაიმონდ ციპე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
,,გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 2 ივნისს ვებ-გვერდზე www.mkitxveli.ge გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, კომპანია „ტვინოს” თანამშრომელი უკავშირდება მომხმარებელს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით და ემუქრება მას იძულებითი აღსრულებით. ვაცხადებთ, რომ საქმიანობის ამგვარი პრაქტიკა სრულიად მიუღებელია კომპანია „ტვინოსთვის” და ამის შესახებ ინფორმირებულია ჩვენი თითოეული თანამშრომელი.
კომპანიის სახელით გვსურს, ბოდიში მოვუხადოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მის თანამშრომლებს გავრცელებული აუდიო-ჩანაწერისთვის. უახლოეს დღეებში საზოგადობას მივაწვდით დამატებით ინფორმაციას მიმდინარე მოკვლევის შესახებ. აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მომავალში მსგავსი ფაქტების მაქსიმალური პრევენციის უზრუნველსაყოფად”, ნათქვამია კომპანიის დირექტორის განცხადებაში.
აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნავს, რომ აღმასრულებლის სახელით განხორციელებული მუქარის შემცველი ზარებისა თუ შეტყობინებების შესახებ აცნობონ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურს. მსგავსი ტიპის შანტაჟისა და მუქარისთვის ბიუროში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული ფოსტა და ფუნქციონირებს ცხელი ხაზის ნომერი – (032) 2 749 649. Mail: Report@nbe.gov.ge.
განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ იძულებითი აღსრულების ფარგლებში სხვის საკუთრებაში შესვლას, ქონების დაყადაღებას, აღწერას და სხვა იძულებით ღონისძიებებს, აქვს თავისი ფორმები და ის რეგულირდება საქარათველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური რეგულაციების შესაბამისად.
სხვა სუბიექტს არ აქვს მსგავსი ქმედების განხორციელების უფლება. მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველი ზარები არ ხორციელდება ბიუროს მხრიდან, რომელსაც აღსრულების პროცესისადმი სხვა, მხარეებთან მორგებაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს. ეს ზარები, სამწუხაროდ, ხორციელდება კერძო პირებისა და ზოგიერთი კომპანიის მიერ, რა დროსაც, მეტი დამაჯერებლობისთვის, ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელის გამოყენება.
ბოლო წლების განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზანია, შეასრულოს მედიატორის როლი, რათა მხარეებს შორის დავა მორიგებით დასრულდეს.
გსურს გაიგო ყველაფერი სესხებზე? ესტუმრე ჩვენ პარტნიორ ვებ-გვერდს – http://smartloan.ge/