მომხმარებელს პროდუქციის დაბრუნება 14 დღის ვადაში შეეძლება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების გადაწყვეტილება მიიღო.

კანონპროექტი მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს. მასში გათვალისწინებულია სხვადასხვა სამომხმარებლო სფერო, მათ შორის: დისტანციური და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით და ქუჩაში შეძენილი პროდუქცია, შეცდომაში შემყვანი რეკლამა და კომერციული საქმიანობა, ხელშეკრულების უსამართლო პირობები და ა.შ.

კანონპროექტით გათვალისწინებულია მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და საგარანტიო ვადებთან დაკავშირებული ვალდებულებები.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ახალი ინსტიტუტის – მომხმარებელთა ომბუდსმენის ამოქმედებას, რომლის მიზანიც საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, მათი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობაა.

რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ კონკრეტულ ნორმებს, დოკუმენტის მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს, მიიღოს პროდუქციის დასახელების, მწარმოებლისა და არსებითი მახასიათებლის შესახებ უტყუარი ინფორმაცია, რაც მომხმარებელს სწორი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს. ასევე, პროდუქციის დამზადების თარიღისა და იმ პროდუქციის ვარგისიანობის ვადის შესახებ, რომლის სამომხმარებლო თვისებები დროთა განმავლობაში უარესდება.

ამასთან, პროექტი პროდუქციის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების წესებისა და შენახვის სპეციალური პირობების შესახებ ინფორმაციის განთავსების ვალდებულებას ითვალისწინებს.

მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებისთვის მოვაჭრე პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.

რაც შეეხება პროდუქციის საცალო შეფუთვას, ასეთ შემთხვევაში მსხვილი, მკაფიო, კონტრასტული, ადვილად აღქმადი შრიფტით უნდა გაკეთდეს წარწერა პროდუქციის ისეთი თვისებების შესახებ, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებას და მის უსაფრთხოებას. ხოლო, თუ ასეთი ინფორმაციის დატანა უშუალოდ შეუძლებელია, მაშინ იგი პროდუქციას თან უნდა ახლდეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომხმარებელს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ქართულ ენაზე (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სხვა ენაზე), ისე, რომ არ დაფაროს ინფორმაცია ორიგინალურ ენაზე.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მოვაჭრეს დაუბრუნოს პროდუქცია მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. მოვაჭრე კი ვალდებულია, სრულად დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა, გარდა მიწოდების ხარჯისა.

ამასთან, მოვაჭრეს უფლება ექნება, თანხის დაბრუნებაზე უარი თქვას, ვიდრე მომხმარებელი პროდუქციას არ დაუბრუნებს.

კანონპროექტით განსაზღვრულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებელს პროდუქციის უკან დაბრუნების უფლება არ ექნება.

ასეთი შემთხვევებია: როდესაც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია მალფუჭებადია, აქვს მოკლე ვარგისიანობის ვადა ან ექვემდებარება შენახვის სპეციალურ წესს.

ჰერმეტულად დაცული პროდუქცია, რომელიც ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას; ასევე – დაბრუნებისას დარღვეულია ჰერმეტულობა, საქონელს დაკარგული აქვს სასაქონლო პლომბი ან საწარმოო იარლიყი.

ასეთი შემთხევებს მიეკუთვნება მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია, რომელიც დამზადდა მისი ინდივიდუალური შეკვეთით ან აშკარად მორგებულია მის პირად საჭიროებებს და ა.შ.

კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელი ასევე უფლებამოსილი იქნება, თუ შეძენილი საქონელი ხელშეკრულების შეუსაბამო აღმოჩნდა, მოვაჭრისგან მოითხოვოს საქონლის გადაცვლა ან შეკეთება.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, კანონპროექტით გათვალისწინებულია მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ 2016 წლის ბიუჯეტში უნდა უზრუნველყოს ინსტიტუტის ამოქმედებისა და საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების ასახვა.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email