მოგების და საშემოსავლო გადასახადის აღრიცხვის წესები
გადასახადის გადამხდელმა საშემოსავლო და მოგების გადასახადი, ორი მეთოდის გამოყენებით უნდა აღრიცხოს. შემოსავლები და შესაბამისი ხარჯები მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. საგადასახადო პერიოდია კალენდარული წელიწადი პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე.
1. აღრიცხვის საკასო მეთოდი
მისი გამოყენებისას შემოსავლები უნდა აღირიცხოს მათი მიღების ან გამოყენების და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტიდან. ხოლო ხარჯები უნდა გამოიქვითოს განაღდების შემდეგ.
აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება:
ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის მიღების მომენტი.
მაგ: „ა“-მ გაუწია მომსახურეობა „ბ“-ს. „ა“-მ თავის ერთობლივ შემოსავალში უნდა აღრიცხოს ამ მომსახურეობის შედეგად მიღებული შემოსავალი, იმ მომენტიდან, როცა „ბ“ მას გადასცემს ფულს.
ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების ჩარიცხვა ბანკში გადასახადის გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს.
მაგ: „ა“-მ გაუწია მომსახურეობა „ბ“-ს. „ა“-მ თავის ერთობლივ შემოსავალში უნდა აღრიცხოს ამ მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი, იმ მომენტიდან, როცა მოხდება მის საბანკო ანგარიშზე ფულის ჩარიცხვა.
აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება:
ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის გადახდის მომენტი.
ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ბანკის მიერ გადასახადის გადამხდელის (ხარჯის გამწევი მხარის) საბანკო და სხვა ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის მომენტი.
მაგ: ზემოთ მოცემულ მაგალითებში „ბ“-მ ხარჯები უნდა აღრიცხოს, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, იმ მომენტიდან, როცა მოხდება ფულის გადაცემა, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორებისას – იმ მომენტიდან, როცა ფული ჩამოეჭრება ანგარიშიდან.
2. დარიცხვის მეთოდი
დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა შემოსავლები და ხარჯები უნდა აღრიცხოს შესაბამისად შემოსავლების მიღების უფლების მოპოვებისა და ხარჯების აღიარების მომენტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტის მიუხედავად.
გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ:
ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას;
ბ) გადასახადის გადამხდელმა შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.
მაგ: „ა“ და „ბ“-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, „ბ“ შეასრულა თავისი ვალდებულება და გადასცა „ა“-ს ნასყიდობის საგანი, ამ მომენტიდან „ბ“-მ უნდა აღრიცხოს თავის ერთობლივ შემოსავალში „ა“-ს მიერ მოსაცემი შემოსავალი.
დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება მომენტი, როცა შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის მიერ ფინანსური ვალდებულების აღების ცალსახად მიჩნევა;
ბ) ფინანსური ვალდებულების ოდენობა შეიძლება საკმარისი სიზუსტით შეფასდეს;
გ) ხელშეკრულების ყველა მონაწილემ (მხარემ) ფაქტობრივად შეასრულა თავისი ვალდებულება ამ ხელშეკრულების მიხედვით და სათანადო ანაზღაურება ექვემდებარება აუცილებელ გადახდას.
საგადასახადო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის საგადასახადო სამართლის ფორუმზე.