მოგების გადასახადი უქმდება?
ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს საუბარი მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით. ინიციატივა პირველად ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა, მისი ინიციატივით რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადიდან თავისუფლდებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა ,,გადასახადის გადამხდელთა კავშირმა და მთავრობას მოგების გადასახადის გაუქმების საკუთარო სქემაც კი შესთავაზა. მათი ინიციატივით, მოგების გადასახადი ეტაპობრივად უნდა შემცირებულიყო მის საბოლოო გაუქმებამდე, შემდეგი სქემის მიხედვით:
მოგების გადასახადი ამჟამად: 15%; I ეტაპი 10%; II ეტაპი 5%; III ეტაპი 0%;
დივიდენდის საშემოსავლო ამჟამად: 5%; I ეტაპი 10%; II ეტაპი 15%; III ეტაპი 20%.
მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ისიც, რომ ცვლილებების შედეგად, გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა, კერძო სექტორს მიეცემა გაფართოებისა და კაპიტალიზაციის გაზრდის საშუალება, რაც თავის მხრივ, საგრძნობლად გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს სხვა გადასახადებიდან.
მოგების გადასახადის ეტაპობრივად გაუქმების შესახებ ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც, მისი განცხადებით მოგების გადასახადის გაუქმებაზე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა, მისი პირდაპირ გაუქმება არ მოხდება, რადგან ბიუჯეტში, მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი 900 მილიონ ლარს შეადგენს.
-“მიმდინარეობს ესტონური მოდელის განხილვა, მაგრამ სიჩქარე არ გვეგების, იმიტომ რომ მოგების გადასახადიდან ამ წუთში ბიუჯეტში შემოდის დაახლოებით 900 მილიონი ლარი. თუ ახლა ჩვენ გავაუქმებთ მოგების გადასახადს, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტი უნდა შევამციროთ დაახლოებით 900 მილიონი ლარით. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და ალბათ სექტემბრისთვის წარმოვადგენთ ზუსტ მოდელს, საგზაო რუკას, თუ როგორ უნდა მოხდეს ესტონურ მოდელზე გადასვლა”, – განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივას ამუშავებს, რომლის მიხედვითაც ბიზნესი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება და მხოლოდ დივიდენდი დაიბეგრება.
ინიციატივას ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ დადებითი შეფასებები მოჰყვა. მათი განცხადებით გამოთავისუფლებული თანხის ძირითადი ნაწილი სწორედ ბიზნესის ხელშეწყობას და განვითარებას მოხმარდება.
რას გულისხმობს ესტონური მოდელი?
ესტონეთში განაწილებული მოგების გადასახადი 15 წელია რაც მოქმედებს და საშემოსავლო გადასახადის აქტით (Iნცომე თახ Aცტ) რეგულირდება. ამ აქტის მიხედვით, განაწილებული მოგების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება:
1. საკუთრივ განაწილებული მოგება;
2. თანამშრომლების სახელფასო სარგებელი;
3. ჩუქება, შეწირულობა და წარმომადგენლობითი ხარჯები;
4. ზოგიერთი ხარჯი ან/ და განაცემი, რომელიც არ არის დაკავშირებული კომპანიის სამეწარმეო საქმიანობასთან.
საშემოსავლო გადასახადის აქტის თანახმად, მოგების განაწილება მოიცავს: ფულადი და არაფულადი სახით დივიდენდის გაცემას, კაპიტალის შემცირებას, წილის/აქციის გამოსყიდვას ან კაპიტალის სალიკვიდაციო განაწილებას, თუ ის აღემატება შენატანებს.
რადგან ესტონეთში მოგება განაწილებისას იბეგრება, დივიდენდების დამატებით დაბეგვრა აღარ ხდება. ამასთან, განაწილებული მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების განაკვეთი ერთნაირია, რათა აღიკვეთოს გადამხდელების მხრიდან მოგების განაწილების ხელფასებად გაფორმების” ან საპირისპირო მცდელობები.
ესტონური მოდელის თავისებურებაა ისიც, რომ ზოგიერთი ტიპის ხარჯი მოგების გადასახადით იბეგრება, რაც, სავარაუდოდ, ხარჯების გავლით მოგების შეფარულად განაწილების პრევენციაა. ეს ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული იმ ხარჯების ანალოგია, რომლებიც არ გამოიქვითება დასაბეგრი შემოსავლებიდან და მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:
– ხარჯები (მათ შორის, უძრავი ქონების შეძენისთვის) ან განაცემები, რომლებიც არ არის დაკავშირებული კომპანიის ბიზნესსაქმიანობასთან;
– ხარჯები ან განაცემები, რომლებიც არ არის სათანადოდ დოკუმენტირებული;
– გაცემული სესხები ან ავანსები შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის და სხვა.
რადგანაც განაწილებული მოგების გადასახადის გამოთვლა არ მოითხოვს ცალკეული შემოსავლებისა და ხარჯების დეტალურ ანალიზს და აქცენტი გადატანილია ფულადი განაცემების კონტროლზე, მასზე დაფუძნებული მოდელი მნიშვნელოვნად ამარტივებს გადასახადების ადმინისტრირებას. მართალია, საჭიროა კონტროლი, რომ არ მოხდეს მოგების ხარჯებად შენიღბვა, მაგრამ, მოგების გადასახადის კლასიკური მოდელისგან განსხვავებით, საერთოდ არ არსებობს ისეთი ხარჯების კონტროლის საჭიროება, რომლებიც კომპანიიდან ფულის გადინებას არ უკავშირდება. ასეთ ხარჯებს მიეკუთვნება: ცვეთა და ამორტიზაცია, დარიცხული პროცენტები, გადაფასების ზარალი და სხვა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ განაწილებული გადასახადის მოდელში კომპანიის საგადასახადო მოგება ფინანსური მოგების ტოლია (ქართული მოდელისგან განსხვავებით). ეს ნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმება შეიძლება თითქმის სრულად დაეფუძნოს კომპანიის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, რაც ამცირებს საგადასახადო შემოწმებისთვის საჭირო დროსა და ხარჯებს.
ექსპერტთა შეფასებები
გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები“ დაუკავშირდა ექსპერტებს და მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივის, შეფასება სთხოვა.
,,მოგების გადასადახის გაუქმება ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 900 მილიონი ლარის დამატებით ინვესტიციას“
ეფრემ ურუმაშვილი, ექსპერტი საგადასახადო სამართლის საკითხებში:
„ჩვენ ეს იდეა მანამდე წამოვაყენეთ, ვიდრე ფინანასთა მინისტრი იტყოდა და საკმაოდ დიდი ხანია ამ ინიციატივას ვლობირებთ. ვამბობდით, რომ დღგ-ს გადამხდელები მაინც უნდა გათავისუფლებულიყვნენ მოგების გადახდისგან. ამით ბიზნესს საშუალება მიეცემა, რომ 400-450 მილიონი დარჩეს საბრუნავი კაპიტალი. მოგების გადასახადის გაუქმებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესამაბისი ჩარჩოები. მაგალითად, თუ გაუქმდება მოგების გადასახადს და დივიდენდი დარჩება 5%, ეს იქნება ძალიან კარგი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციის სახით დარჩება დაახლოებით 900 მილიონი ლარი, ანუ თანხა რომელიც ბიუჯეტში ირიცხებოდა. აქედან გამომდინარე, ამ გადასახადის გაუქმება ნიშნავს 900 ლარის დამატებით ინვესტიციას ეკონომიკაში. მოგების გადასახადის გაუქმებით დამატებით ბონუსს მოვიზიდავთ ინვესტორებისაგან. ისინი დაინახავენ, რომ ქვეყანაში არსებობს მხოლოდ დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ეს კი ძალიან დიდი სტიმული იქნება მათთვის.
,,ეს მოდელი ხელს უწყობს, ერთის მხრივ, რეინვესტირების განხორციელებას და მეორეს მხრივ, თავად საწარმოო პროცესის მდგრადობას”
ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი:
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ შემთხვევაში, მოგების გადასახადის ცალსახათ გაუქმებაზე არ არის საუბარი, საუბარია ეგრეთწოდებულ ესტონურ მოდელზე. ამ მოდელის მიხედვით საწარმოები არ იხდიან მოგების გადასახადს და პარტნიორები და აქციონერები როდესაც იღებენ დივიდენდს, იბეგრება სწორედ ეს დივიდენდი. აქედან გამომდინარე, მოგების გადასახადის ნაცვლად ხდება დივიდენდის დაბეგვრა. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება სწორი და მისაღებია, ვინაიდან იგი ხელს შეუწყობს საწარმოებისა და წარმოების ზრდას ქვეყანაში. საწარმომ რომელმაც იცის, რომ ის მოგების გადასახადს არ იხდის დაინტერესებული იქნება, რომ დიდი ოდენობის რეინვესტირება განახორციელოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბეგრება საწარმოს მეპაიე ან აქციონერი, თუ მიიღებს დივიდენდს. ეს მოდელი საწარმოო სექტორის გაძლიერებაზეა ორიენტირებული და ხელს უწყობს, ერთის მხრივ რეინვესტირების განხორციელებას და მეორეს მხრივ, თავად საწარმოო პროცესის მდგრადობას.
როგორც ცნობილია, მოგების გადასახადის წილი ბიუჯეტში შეადგენდა 900 მილიონ ლარს. ამ 900 მილიონი ლარის ერთბაშად ამოღება ბიუჯეტიდან იქნება საკმაოდ რთული პროცესი, ამიტომ კარგი იქნება თუ რაიმე გარდამავალი ეტაპი დაწესდება, რომელიც გაითვალისწინებს მოგების გადასახადის არა ერთბაშად გაუქმებას, არამედ გაუქმებას გარკვეული ბიჯების საფუძველზე. მაგალითად, მის ყოველწლიურად შემცირებას 5%-ით და ამავდროულად, დივიდენდის დაბეგვრის განაკვეთის ყოველწლიურად გაზრდას. ეს მოდელი გარკვეულ გადაანგარიშებებს საჭიროებს. თუ სახელმწიფო აქცენტს გააკეთებს საგადასახადო გარემოს განვითარებაზე და ბიზნესისთვის უფრო კომფორტული საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმის შექმნაზე, ეს ყველაფერი იქნება ძალიან სწორი.“
,,მოგების გადასახადის გაუქმება ბიუჯეტს შეუქმნის დიდ პრობლემას და ეკონომიკაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს“
იაშა მესხია, ეკონომიკის ექსპერტი:
,,ამჟამად ბიუჯეტში შედის მოგების გადასახადი 900 მილიონი ლარი. მოგების გადასახადისგან გათავისუფლების შემდეგ, თუ ეს არ მოხდა ეტაპობრივად და არ დაიბეგრა დივიდენდები, ბიუჯეტი დაკარგავს ამ ფულს, რაც საკმაოდ უარყოფითი ფაქტი იქნება. მოგების გადასახადის ასე ერთი ხელის მოსმით გაუქმება არ შეიძლება. შეიძლება მოგების გადასახადისგან გაათავისუფლო პირი ერთი ან ორი წელიწადი, სანამ ის მოიკრებს ძალას. ზოგადად, ამ გადასახადის მოხსნა ბიუჯეტს შეუქმნის დიდ პრობლემას და ეკონომიკაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. ზოგიერთი ფირმა ისეთ მაღალ მარჟაზე მუშაობს და იმხელა მოგებას იღებს, რომ იქიდან გადასახადი აუცილებლად უნდა შევიდეს ბიუჯეტში.“
,,ეს გადაწყვეტილება ბიზნესს საკმაოდ დადებითად წაადგება, თუმცა, ბიუჯეტზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მოკლევადიან პერიოდში”
რამაზ გერლიანი, ეკონომიკის ექსპერტი:
,,ნებისმიერი გადასახადის გაუქმება ბიზნესს ანიჭებს თავისუფლებას, აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ბიზნესისთვის საკმაოდ კარგი იქნება. ცუდი არის ის, რომ მოგების გადასახადის გაუქმება ბიუჯეტზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მოკლევადიან პერიოდში, მანამდე, სანამ მოხდება სხვა ტიპის გადასახადიდან მოხდება, გაუქმებული მოგების გადასახადის კომპენსაცია. დივიდენდის დაბეგვრით რას მივიღებთ, ეს ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ ბიუჯეტის მიერ დაკარგული თანხის ნაწილს იგი აუცილებლად გაუწევს კომპენსირებას.
ბიზნესს მოგების გადასახადის გაუქმება რა თქმა უნდა დადებითად წაადგება, შეიქმნება მეტი საწარმოო სუბიექტები. მათ შორის ისინიც, რომლებიც ძირითადად მოგებაზე იმუშავებენ. დღესდღეობით ბიზნესი ცდილობს, რომ შეამციროს მოგება, რათა თავიდან აიცილოს დაბეგვრა, ამ გადასახადის გაუქმების შემდეგ კი ეს ბარიერი აღარ ექნება ბიზნესს და მაქსიმალურ მოგებას განახორციელებენ მეწარმეები.
,,მოგების გადასახადის გაუქმება იქნება ძალიან კარგი გადაწყვეტილება, ეს ხელს შეუწყობს ბიზნესის აქტივობას“
ირაკლი შავიშვილი, აუდიტორი:
„მოგების გადასახადის გაუქმება იქნება ძალიან კარგი გადაწყვეტილება, ეს ხელს შეუწყობს ბიზნესის აქტივობას. მოგების გადასახადდთან ერთად ალბათ გაუქმდება საავანსო გადახდებიც და ეს კიდევ უფრო წაადგება ბიზნესს. მოგების გადასახადის ტვირთი გადავა დივიდენდზე. დღეს, ჯამური გადასახადის ტვირთი შეადგენს 15%-ს. ამ გადაწყვეტილების შემდგომ, დივიდენდი, რასაც წაიღებს მეწარმე, სავარაუდოდო, დაიბეგრება 20%-იანი განაკვეთით, რასაც საწარმოში დატოვებს, ის არ დაიბეგრება არაფრით. ეტაპობრივ გაუქმებას რაც შეეხება, ეს არ ვიცი როგორ შეიძლება მოხდეს. ჩემი აზრით, თუ რაიმე გადაწყვეტილებას იღებ, ეს უნდა გააკეთო ერთბაშად და არა ნაწილ-ნაწილ. რაც შეეხება ბიუჯეტს, მას გარკვეული თანხა მოაკლდება, მაგრამ არა მთლიანად, რადგან ადამიანებს დივიდენდი მიაქვთ სახლში. ჩემი აზრით, ამ გადასახადის გაუქმება მოხდება საშემოსავლო გადასახადის გაზრდის ხარჯზე.“
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“