მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

shutterstock_115548781რას წარმოადგენენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?

საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბუმია, თბილისის თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ვხვდებით რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომლებიც გვთავაზობენ მცირე სესხს. მიკროსაფინანსოების რეკლამებითაა სავსე, როგორც ტელევიზია, ისე სოციალური მედია.

ბევრს აინტერესბს, იურიდიულად რას წარმოადგენენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რა უფლებები და მოვალეობები გააჩნიათ მათ, როგორია მათი ზედამხედველობა. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის იურიდიული პირი, იგი შეიძლება დაფუძნდეს, მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა (შ.პ.ს) და სააქციო საზოგადოების (სს) ფორმით.

ორგანიზაცია მხოლოდ მაშინ, იძენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსს, როდესაც იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს:

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში განცხადების შეტანის საფუძველზე, რომელიც ზედამხედველობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას.

მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ არის ორგანიზაცია უფლებამოსილი, თავის საფირმო სახელწოდებას დაუმატოს ტერმინი „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“ ან მისი აბრევიატურა „მისო“ და განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა.

მაგ: შპს-ს უმეტესობა საქმიანობს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის გარეშე, რომლის ფუნქციაც არის ორგანიზაციის საქმიანობის მეთვალყურეობა/კონტროლი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვას საჯაროობის პრინციპი, მისი ფინანსური მდგომარეობა უნდა იყოს საჯარო, რათა პრობლემა არ შეექმნას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორებს.

ბ) შეიმუშაოს და განახორციელოს შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები;

გ) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება საქართველოს ეროვნულ ბანკს. ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით;

ვ) იყოს პასუხისმგებელი ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე ინფორმაციის და ანგარიშგების სრულად წარდგენაზე;

ზ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს ბეჭდვით ორგანოში სამეურნეო წლის ფინანსური ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა.

ინფორმაციის კონფიდენციალურობა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული ინფორმაცია მსესხებლის შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ თავად მსესხებელს, მის წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.

სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით ან მსესხებელთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ კონფიდენციალურობის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, რომლის სახე და ფორმა დამოკიდებულია, სამართალდარღვევის ხასიათზე.

ეროვნული ბანკის ზედამხედველობა

თუ საქართველოს ეროვნული ბანკი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გააფრთხილოს იგი, დააკისროს ფულადი ჯარიმა ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email