ციფრული მარკეტინგული სტრატეგია: 6 ნაბიჯი წარმატებამდე
თანამედროვე ბიზნესის მთავარ იარაღს ციფრული მარკეტინგი წარმოადგენს, რომლის შესაძლებლობები ისეთივე უსაზღვროა, როგორც თავად ტერმინის – „ციფრული მარკეტინგის“ ცნება.
მიუხედავად ამისა, ხშირად ვერ ხდება ამ პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, რისი მიზეზიც შესაძლოა ბევრი იყოს, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის ცუდი მარკეტინგული სტრატეგია ან მისი საერთოდ არ ქონა.
წინამდებარე სტატიაში გვსურს განვიხილოთ ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ხუთი ელემენტი, რომლებიც საშუალებას მოგცემთ თქვენი მარკეტინგული სტრატეგია იყოს გამორჩეულად ეფექტური და შედეგიანი.
1.მიზნების დასახვა
ნებისმიერი ბიზნესის მიზანია მაქსიმალური მოგების მიღება, თუმცა ამ მთავარი შედეგის მისაღწევად აუცილებელია განსაზღვროთ ქვემიზნები, რომელთა მეშვეობითაც მიაღწევთ კლიენტებისა და შემოსავლის ზრდას.
თქვენი ქვემიზანი შესაძლოა სხვადასხვა იყოს: მაგალითად ფეისბუქსა და ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობის ზრდა, ვებ-გვერდზე ვიზიტორების რაოდენობის ზრდა, ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბება და მისი ცნობარდობის გაზრდა და ა.შ.
რაც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი, მნიშვნელოვანია მან დააკმაყოფილოს გარკვეული სტანდარტები, როგორიცაა:
I განსაზღვრულობა – ზუსტად უნდა ჩამოაყალიბოთ რა შედეგის დადგომა გსურთ, რათა შემდგომ რეალურად მიაღწიოთ და საშუალება გქონდეთ გაზომოთ იგი.
II რაციონალურობა – თქვენი მიზანი უნდა იყოს გონივრული, იმ რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც გაქვთ.
III დროის ფაქტორი – დრო ერთადერთი რესურსია, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ, ამიტომაც მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს ის დროის მონაკვეთი, რაც საჭიროა შედეგის დადგომისთვის.
IV რესურსები- მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს მიზნის მიღწევისთვის საჭირო ფინანსური ინვესტიცია და გამოიყოს შესაბამისი თანხები და ადამიანური რესურსები.
2.კვლევა და ანალიზი
განსაზღვრეთ თქვენი იდეალური მომხმარებელი: რა აინტერესებს მას, როგორ ატარებს ის დროს ინტერნეტში და როგორ უნდა მიაწოდოთ მას ხმა.
მიაქციეთ ყურადღება დემოგრაფიულ მონაცემებსაც, ასაკს, შემოსავალს, სქესს, ოჯახურ მდგომარეობას.
ასევე, დააკვირდით მათ ინტერესებს, ღირებულებებს და შეგექმნებათ წარმოდგენა, თუ როგორია მათი ჩვევები ონლაინ სივრცეში.
ასევე, მოიძიეთ ინფორმაცია თქვენს კონკურენტებზე. ვინ არის მათი ტიპური მომხმარებელი? რა მეთოდებს მიმართავენ ისინი რომ მეტი გამომწერი მოიზიდონ? რომელ პლატფორმებზე უფრო აქტიურობენ? რა ტიპის კონტენტს ანიჭებენ უპირატესობას? როგორ ურთიერთობენ კლიენტებთან?
რა თქმა უნდა, თქვენ არ აპირებთ პირდაპირ გადაიღოთ მათი ქცევის მოდელი, მაგრამ სხვებზე დაკვირვებამ შესაძლოა ისეთ მხარეებზე დაგაფიქროთ, რაც აქამდე არ გაგითვალისწინებიათ, ან პირიქით, მიგახვედროთ, რომ რომელიმე საკითხზე დროის დახარჯვა არ ღირს.
3.სწორი პლატფორმა
ციფრული მარკეტინგის განსახორციელებლად ძალიან ბევრი სხვადასხვა პლატფორმა არსებობს: Facebook, Instagram, Youtube, Email მარკეტინგი, Linkedin, Yandex, საიტის SEO ოპტიმიზაცია და სხვა.
როგორც ხედავთ არჩევანი დიდია და ყველა მათგანს თავისი უპირატესობები აქვს.
თუმცა, ვინაიდან რესურსები ყოველთვის შეზღუდულია, ყველა ამ პლატფორმაზე მარკეტინგული აქტივობების განხორციელება იქნება უშედეგო და წამგებიანი.
ამიტომაც, მარკეტინგული სტრატეგიის შედგენის ეტაპზევე მნიშვნელოვანია აირჩიოთ სწორი პლატფორმა.
საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ყველაზე უნივერსალური რა თქმა უნდა, ფეისბუკია. გარდა იმისა რომ ეს ყველაზე „მჭიდროდ დასახლებული“ სოციალური ქსელია, თქვენ ასევე შესაძლებლობა გაქვთ სხვადასხვა ტიპის და ფორმატის რეკლამა გაუშვათ მიზნობრივი აუდიტორიის მიმართ. თუმცა, ზოგიერთი პროდუქციისთვის ფეისბუქზე რეკლამირება არ არის შედეგიანი.
ინსტაგრამი თქვენი საუკეთესო მომენტებისთვისაა შექმნილი. აქ არაა საშუალო ხარისხის ფოტოების და მეტნაკლებად საინტერესო პოსტების ადგილი. ინსტაგრამზე წარმატების მისაღწევად ყველაზე ხარისხიანი ფოტო-ვიდეო მასალის გამოქვეყნება არის საჭირო. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ინსტაგრამის მომხმარებლები ძირითადად ახალგაზრდები არიან, რეკლამაც მათზე უნდა იყოს მორგებული.
თუ მიზანი პროფესიული ქსელის გაზრდა და ბიზნეს-პარტნიორებთან დაკავშირებაა ყურადღება უნდა მიაქციოთ ლინკდინსა და ტვიტერს. ეს პლატფორმები უფრო B2B ბიზნესს ეხმარება.
იმ შემთხვევაში, თუ საიტის ვიზიტორების ზრდა გსურთ გუგლში რეკლამირება და სეო ოპტიმიზაცია საუკეთესო ვარიანტია თქვენთვის.
ასევე Email მარკეტინგსაც არ დაუკარკავს თავისი როლი და მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა საკმაოდ კარგი შედეგები გქონდეთ.
4.ხარისხიანი კონტენტი
მას შემდეგ რაც პლატფორმას ან პლატფორმებს აარჩევთ, ისიც ნათელი გახდება სად როგორი სახის კონტენტი დაგჭირდებათ.
ეს ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის ყველაზე შემოქმედებითი ნაწილია. ხარისხიანი და მიმზიდველი ვიზუალური მასალა (ფოტო, ვიდეო), ინფორმატიული ტექსტები და გრაფიკები თქვენს ბიზნესს მნიშვნელოვნად დაეხმარება.
- ფეისბუქსა და ინსტაგრამზე დაგჭირდებათ ეფექტური პოსტის დიზაინები.
- სეო ოპტიმიზაციის განხორციელებისთვის საჭირო, როგორც ტექნიკური ცოდნა, ასევე შესაბამისი კონტენტის შექმნა, ძირითადად სტატიების სახით.
- Email მარკეტინგი საჭიროებს ეფექტურ სარეკლამო ვიზუალს
რაც არ უნდა კარგი სტრატეგია გქონდეთ, ცუდი კონტენტის შემთხვევაში თქვენი შედეგები მაქსიმალურად დაზარალდება, ხოლო ფინანსური ხარჯები გაიზრდება.
5.ეფექტური კომუნიკაცია და უკუკავშირი
შესაძლოა იდეალური გეგმა გქონდეთ და ეფექტური კონტენტი, თუმცა მომხმარებელთა გამოხმაურებას, თუ არ მოყვება საუკეთესო უკუკავშირი, თქვენი ძალისხმევა იქნება წყალში ჩაყრილი.
ეფექტური კომუნიკაცია ეს არის გაყიდვების ზრდის გასაღები, თუ თქვენ არასწორედ მოარგებთ მას, კარი არ გაიღება.
ამიტომაც მნიშვნელოვანია, მარკეტინგული სტრატეგიის შედგენის ეტაპზევე განსაზღვროთ, თუ როგორ და რა ფორმით განახორციელებთ ეფექტურ კომუნიკაციას მომხმარებელთან.
დაამყარეთ მომხმარებელთან ინდივიდუალური კომუნიკაცია, კითხვების და გამოხმაურებების შემთხვევაში ეცადეთ მყიდველისთვის სასიამოვნო გამოცდილება იყოს თქვენთან კონტაქტი.
6.ექსპერიმენტები და შეუპოვრობა
აუცილებლად გექნებათ ცუდი დღეები.
საკმაოდ პარადოქსურად ჟღერს, თუმცა ეს აუცილებლად ასე იქნება. მარკეტინგული საქმიანობის ფარგლებში იქნება მომენტები, როდესაც თქვენი შედეგები იქნება ცუდი, როგორც ფინანსური, ისე ეფექტურობის თვალსაზრისით.
თუმცა, ასეთ შედეგებსაც გააჩნიათ საკუთარი უპირატესობები, ისინი გვაძლევენ გამოცდილებას, კერძოდ საშუალება გვაქვს განვახორციელოთ ექსპერიმენტები, მივხვდეთ, თუ რა მოქმედებს კარგად და რა ნეგატიურად ჩვენ მარკეტინგულ საქმიანობაზე.
მნიშვნელოვანია იყოთ შეუპოვარი, არ დანებდეთ, თუ პირველივე ცდაზე სასურველ გამოხმაურებას ვერ მიიღებთ, მთავარია მიყვეთ თქვენ მიერ განსაზღვრულ მარკეტინგულ გეგმას და შედეგიც არ დააყოვნებს.